უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, ვასიუკოვკას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, კამენკას, სევერნოეს, პერვომაისკეს, ვესელეს, ნეველსკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას, პობედას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 56. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 132 160 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.