გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის თქმით, გერმანია უწყვეტად ეხმარება უკრაინას და უკვე მიაწოდა 15 მილიონი ტყვია, 100 ათასი ხელყუმბარა და 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.
"სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მივაწვდით ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც გერმანიას აქვს IRIS-T-ის სახით", - თქვა შოლცმა.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა განსაკუთრებით ითხოვს მძიმე ტექნიკის მიწოდებას.
შოლცის თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები პარტნიორებთან რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის შემდგომი შეიარაღების გზებზე.
სამშაბათს კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია ქვეითთა საბრძოლო მანქანებს (IFV) გადასცემს საბერძნეთს, რათა ათენის მთავრობამ საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს უკრაინას.