გერმანიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. რეისების გაუქმების გამო ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
ერთ-ერთი მათგანი “ფორმულასთან“ საუბრისას ყვება, თუ რა ვითარებაში იმყოფება გერმანიაში. ირაკლი დემეტრაძე ამბობს, მას და საქართელოს სხვა მოქალაქეებს, საქართველოს საკონსულო გერმანიაში დახმარებას არ სთავაზობს.
„უნდა გამოვფრენილიყავით 16-ში. აქ დავამთვრეთ მუშაობა. გუშინ გავიარეთ ჩექ-ინი, რომ ბერლინში გამოვფრენილიყავით. მოგვივიდა მეილზე, რომ ფრენები გაუქმებულიაო. ვცადეთ „ვიზეართან“ დაკავშირება, მაგრამ კონტაქტზე არ გამოდიან. შემდეგ საელჩოსთან დაკავშირება ვცადეთ, 2 დღეში 90-დღიანი ვადა გვეწურება. საელჩოში ერთადერთი გვირჩიეს სხვა ქვეყნიდან თუ წახვალთო. არიან ადამიანები, რომლებიც აეროპორტებში დარჩნენ და ვერსად მიდიან, იგივე ქართველები. უბრალოდ, ერთი თხოვნაა, რომ ვისაც ბილეთები გვქონდა ნაყიდი და ვერ ვბრუნდებით, იქნებ სპეცრეისი დაგვინიშნონ, რომ საქართველოში დაბრუნების საშუალება გვქონდეს,"- განაცხადა დემეტრაძემ.
„ფორმულას“ ინფორმაციით გერმანიიდან გაუქმებული ფრენების გამო, საქართველოს ათობით მოქალაქე ბერლინის აეროპორტში ჩარჩა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.
ვირუსის ხუთი ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი გერმანიაში. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-ს შეადგენს.