გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის აღსადგენად მზადება უნდა დაიწყოს სოლიდარობის ფონდის შექმნით, რათა დაეხმაროს კიევს რეკონსტრუქციის ხარჯების დაფარვაში.
შოლცის ვარაუდით "დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა და უკრაინის ეკონომიკის გამოცოცხლება მილიარდები დაჯდება".
"ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა დავიწყოთ საფუძველის ჩაყრა სოლიდარობის ფონდისთვის, რომელიც ევროკავშირისა და მისი პარტნიორების შენატანებით დაფინანსდება." - ამის შესახებ შოლცმა თვის ბოლოს, ევროკავშირის მთავარი სამიტის წინ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შოლცმა ასევე თქვა, რომ უკრაინის მცდელობა ევროკავშირში გაწევრიანებისა არ შეიძლება დაჩქარდეს რუსეთის შემოჭრის მიუხედავად.
"არ არსებობს მოკლე გზა ევროკავშირისკენ", შოლცმა თქვა, რომ ბლოკმა უნდა მოძებნოს "სწრაფი და პრაგმატული" გზა კიევის დასახმარებლად.
ოლაფ შოლცის აზრით, უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება იქნება უსამართლო ქმედება დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის - ჩერნოგორიის, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინსა და კოსოვოსთან მიმართებაში, რომლებსაც ასევე სურთ ევროკავშირში გაწევრიანება.
კანცლერის განცხადებით, ის, ევროსაბჭოს სხდომამდე, გაემგზავრება დასავლეთ ბალკანეთში, რაც იქნება გზავნილი იმისა, რომ რეგიონი ეკუთვნის ევროკავშირს.
"მათ წინაშე ჩვენი ვალდებულებების შესრულება არ არის მხოლოდ ჩვენი სანდოობის საკითხი. დღეს, როგორც არასდროს, მათი ინტეგრაცია ასევე ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია."