გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მხარეს PCR-ტესტი არ ჩააბარა. კრემლის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ გერმანიის კანცლერი და რუსეთის პრეზიდენტი გრძელი მაგიდის გარშემო, დისტანციით სხედან. იმავე მაგიდის გარშემო ჩაატარეს მოლაპარაკებები პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცმა ტესტი არ ჩააბარა, Bild-მა და Welt-მა გაავრცელეს. როგორც ისინი წერენ, კორონავირუსის გამო რუსულმა მხარემ მოითხოვა, რომ შოლცსა და გერმანიის დელეგაციას ვიზიტის წინ სამი PCR-ტესტი გაეკეთებინათ, აქედან ბოლო - გამოფრენამდე 24 საათით ადრე. კიდევ ერთ, მეოთხე ტესტის გაკეთება მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ უნდა გაეკეთებინა.
გამოცემების ინფორმაციით, შოლცმა უარი თქვა, რუსი ექიმების მონაწილეობით ტესტი ჩაებარებინა. პროცედურა კი გერმანიის საელჩოს ექიმმა რუსი წარმომადგენლის თანდასწრებით ჩაატარა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ კანცლერმა უარი თქვა PCR ტესტის გაკეთებაზე, ამიტომაც შეხვედრა დისტანციის დაცვით ჩატარდებოდა.
"დანამდვილებით, ისინი დიდ დისტანციაზე იქნებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს შეხვედრის ხასიათზე, შინაარსსა და ხანგრძლივობაზე", - განაცხადა პესკოვმა.