logo
ENG



გერმანიის საგარეო: არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას, შეცვალოს კურსი და რიტორიკა EU-ის მიმართ

17 ოქტ 202414:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/17/j7xi1oad457mxkc.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ისევე როგორც ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა და კვლავ მოუწოდებენ მთავრობას, შეცვალოს ამჟამინდელი კურსი და რიტორიკა EU-ის მიმართ.

ამას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას კითხვის პასუხად აცხადებენ, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხებოდა. 14 ოქტომბერს კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს ანა ლიურმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა. 

გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედებების კურსი და რიტორიკა ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ საქართველოში გავრცელებული ცრუ ნარატივებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ფარგლები და სიღრმე, ისევე როგორც საქართველოს გზა ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა. მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. ჩვენ მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, რათა ქართველებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი", - უთხრა ფორმულას წყარომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. 

***

თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის ანა ლიურმანის განცხადების შეფასება სთხოვეს, რაზეც კალაძემ ჯერ თქვა, რომ არ იცოდა, ვინ იყო გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი მას "კუბილიუსი კაბაში" უწოდა.

მოგვიანებით, საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას და X-ზე დაწერა: "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა". 

გერმანიის ელჩის განცხადების შემდეგ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "26 ოქტომბერს კახა კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას". 

"მე მინდა მას ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს, კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი", - თქვა კობახიძემ. 

გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანა ლიურმანმა ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას. 


close დახურვა