logo
ENG



გერმანული ფონდები: გამოვთქვამთ შეშფოთებას, კანონი დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას

29 აპრ 202416:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/x623g06m8jkmk03.jpg

გერმანული ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიცირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ, საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ. კანონის პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად, განხილვა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან.

თუ კანონი მიღებული იქნება, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. ეს კიდევ უფრო შეამცირებს კრიტიკულ ხმას და ხელს შეუწყობს პოლარიზაციას. საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ გამოთქვეს მტკიცე სურვილი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ და აჩვენეს წინააღმდეგობა კანონთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიზიარებთ კანონის კრიტიკას, რომელიც გამოხატულია მრავალი პატივცემული ინსტიტუტის მიერ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, სერიოზულად მოეკიდონ დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას და გაიწვიონ კანონი უკან.

სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირსეული პარტნიორები არიან მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა საქართველოში ორი ათეული წლის წინ. კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა საქართველოში მნიშვნელოვან უკუსვლას წააწყდება. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ [კანონის] მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას "უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ფრიდრის ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის კონრად ადენაუერის ფონდი.


close დახურვა