ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის თამარ გვარამაძის თქმით, რუსული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და ადამიანის ძირითად უფლებებს.
როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტი ვერც არასამთავრობო ორგანიზაციების და ვერც მედია ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს.
"წარმოდგენილი ვერსია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს. ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს და ცხადია და ბუნებრივია, ყველა ის გამოხმაურება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდა და საერთაშორისო პარტნიორებს, ზუსტად ეხება ამ კრიტიკას და პრობლემას, რომელიც კანონპროექტშია და ის მიზანი, რომელსაც ასახელებენ კანონპროექტის ავტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების საქმიანობის გამჭვირვალობა, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზანია, თუმცა ამ მიზნის მიღწევას წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს"- თქვა გვარამაძემ.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.