logo
ENG



გვარამია: ივანიშვილის ამოცანა ევროპის უარია - მიშას კლავს, ფორმულას დემონსტრაციულად წაიღებს

16 თებ 202320:35
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: ივანიშვილის ამოცანა ევროპის უარია - მიშას კლავს, ფორმულას დემონსტრაციულად წაიღებს

პატიმრობაში მყოფი მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს იმიტომ კლავს, რომ "ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარი" და ამ მიზნის მისაღწევად "ყველაფერს ჩაიდენს", მათ შორის "ფორმულასაც დემონსტრაციულად წაიღებს".

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში გვარამია რამდენიმე აქტუალურ საკითხს მიმოიხილავს. მათ შორის მხარდაჭერას გამოთქვამს ხელოვანი სანდრო სულაბერიძისადმი და აცხადებს, რომ "ხელოვნება, თუ ჩარჩოდან არ გამოდის, მხოლოდ ხელოსნობაა".

გელათთან დაკავშირებით, გვარამია აცხადებს, რომ "თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილმა დატესტოს ეროვნული სენტიმენტები როგორ მუშაობს" და მას "გელათს რა მოუვა, ნამდვილად არ ადარდებს".

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლება მას არა უბრალოდ, არამედ იმიტომ კლავს, რომ ივანიშვილის მიზანი "ევროპის უარია" და ხელისუფლება ამ მიზნის მისაღწევად "ყველაფერს იკადრებს", მათ შორის მიიღებს აგენტებზე კანონსაც.

„სააკაშვილის საკითხზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები. ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და მიშას მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს, "ფორმულასაც" დემონსტრაციულად წაიღებს და ყველაფერს იმგვარს კიდევ ჩაიდენს, რაც ამ მიზნის უტყუარად მიღწევისთვის სჭირდება. ცხადია, აგენტებზე კანონსაც მიიღებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!” - აცხადებს ნიკა გვარამია.

მთავარი არხის დირექტორი მადლობას უხდის კლუბს რა? სად? როდის? მხარდაჭერისთვის და კრიტიკულ მედიას დღეს დაგეგმილი საერთო ეთერისთვის.

წერილის ბოლოს გვარამია ფორმულელებს მიმართავს და ამბობს, რომ არხის გარშემო არსებული „საფრთხე უკიდურესად რეალურია", მაგრამ საფრთხეს "მობილიზაციითა და გამბედაობით უნდა უპასუხონ".

„მინდა მივმართო ფორმულელებს: საფრთხე უკიდურესად რეალურია, მაგრამ თუ სასოწარკვეთას მიეცემით, მხოლოდ მაშინ მიაღწევს ივანიშვილი საწადელს. საფრთხეს უპასუხეთ თქვენი მობილიზაციით, მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და თავხედური გამბედაობით! ეს არის ფორმულა!” - წერს ნიკა გვარამია.


close დახურვა