logo
ENG



გვარამია: საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ლიკვიდაციის საქმე სუს-ის პროვოცირებულია

30 სექ 202115:48
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი ლიკვიდაციის შესახებ წარმოებული გამოძიება სუს-ის პროვოცირებულია და ამის საფუძვლიანი ეჭვი აქვს. 

მისი ცნობით, ცნობით, მან ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და  დაენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება.

გვარამიას თქმით, პროვოკაციის ეჭვის საფუძველი სუს-ის წარმომადგენლის ქმედებაა, რომელმაც, კონფიდენციალობის მიუხედავად, საჯაროდ ისაუბრა საქმის დეტალებზე. მანამდე, იგი სუს-ის ანტიტერორისტულ დეპარტამენტში დაიბარეს. როგორც ყვება, იქ მისივე საქმეზე ახალი ინფორმაცია გააცნეს.

"ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა კონფიდენციალური ინფორმაცია მომაწოდა. გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი არ მითქვამს. მათ ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი და დავზაფრავდი ყველას. ამის შემდეგ დეპარტამენტის პიარის თანამშრომელი ეკითხება ჩვენს ჟურნალისტს, ვაპირებ თუ არა ბრიფინგის ჩატარებას და იღებს პასუხს, რომ არა. ამის შემდეგ მიმართავს და ეუბნება, რომ მაშინ ჩვენ გამოვალთ და გავაკეთებთ განცხადებას. გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს, რაც მე არ უნდა მეთქვა. [...]

ახლა, უკვე ეჭვი მეპარება იმაში რომ 1 თვის წინ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ. რისი ეჭვი მაშინაც არსებობდა, მაგრამ ახლა საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ნამდვილად ასეა. 

ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, სხვა ჟურნალისტზე ლაპარაკი, ეს მიზნად ისახავს საზოგადოების, განსაკუთრებით მედია საზოგადოების დაზაფვრას. მე ახლა უკვე ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი", - თქვა გვარამიამ ბრიფინგზე. 

ნიკა გვარამიას სუს-იდან გამოსვლის შემდეგ, უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან მოყვა გვარამიას ლიკვიდაციის საფრთხეზე და დაამატა, რომ მკვლელობის სამიზნე შესაძლებელია, იყოს სხვა ჟურნალისტიც.

"გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია, ნიკა გვარამიასთან ერთად, მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც", - თქვა მან.


close დახურვა