logo
ENG



გვარამია: ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, სააკაშვილი იყო დაუძლურებული

30 დეკ 202113:18
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატ ნიკა გვარამიას თქმით, გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი დაუძლურებულია და იმაზე უფრო სუსტადაა, ვიდრე აქამდე. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კლინიკიდან ყალბი დიაგნოზით გაწერეს.

"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა. როგორც თვითონ მითხრა. მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. უბრალოდ მითხრა, რომ მივხვდი აღელვების მდგომარეობაში, შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო. არ გაუწევია წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა", - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, სააკაშვილი გააფრთხილეს, რომ ცუდად გახდომის შემთხვევაში გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. 

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​

30 დეკემბერს გვიან ღამით ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი  რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. როგორც დღის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.


close დახურვა