კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს საბჭოზე, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
ნიკა გვარამიას თქმით, შეხვედრაზე გარკვეულწილად შეიქმნა წარმოდგენები ამ საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტზე, რომელსაც ჯერ პრეზიდენტი გაივლის და შემდეგ დაიწყებს ფუნქციონირებას.
ის ასევე ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე სავარაუდოდ იქნება შეთანხმება, რას გულისხმობს დემოკრატიული არჩევნები და რა არის პირობები, რომლებიც არ გადაიხედება.
ეს განცხადება მან საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
"29-მდე სავარაუდოდ ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები იყოს ლეგიტიმური და არა ხაფანგი, რომელიც იქნება გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოს პრეზიდენტი, ბუნებრივია, აიღებს.
ის, რაზეც ვისაუბრებთ, საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, ეს ამ წუთებში ჩვენი განსახილველი არ არის, ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების. ცხადია, ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა, ისევე, როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტზე, უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ბუნებრივია, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ დავიწყებთ ფუნქციონირებას", - თქვა ნიკა გვარამიამ.