logo
ENG



გვარამია მთავარი არხის დაჯარიმებაზე: არ ვაპირებთ თანხის გადახდას და გავასაჩივრებთ

25 ნოე 202122:45
3 წუთის საკითხავი
clock 886
გვარამია მთავარი არხის დაჯარიმებაზე: არ ვაპირებთ თანხის გადახდას და გავასაჩივრებთ

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  მარეგულირებლის გადაწყვეტილება 112 000 ლარით დაჯარიმებაზე, არხის "დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა". მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აპირებს თანხის გადახდას და გაასაჩივრებს. 

"გადაწყვეტილება მიიღეს ორი კლიპის გამო, პირველი იყო სირცხვილიას კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოიტანეს, როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო "კლავს".

აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კლიპებად, ანუ პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გაიყვანა. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ვკითხულობ - რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ?! ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო?

მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი, ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს - ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მანვე თქვა, რომ ხვალიდან მთავარი არხი გაუშვებს კიდევ ერთ კლიპს სახელწოდებით: "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". 

"მთავარი ჯალათი არის კახა ბექაური, თავისი კორუფციული სქემებით, შემდეგი არის ვახტანგ აბაშიძე და მესამე არის ეკატერინე იმედაშვილი. 

ხვალიდან ჩვენთან გავა ამ სამ ადამიანთან დაკავშირებით კლიპი - "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება? ეს სამი ადამიანი გამოიტანს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, რომ პოლირიკური რეკლამაა?" - ამბობს გვარამია. 

***

25 ნოემბერს მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში "პოლიტიკური რეკლამა" ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა. მარეგულირებელმა ტელეკომპანიას პოლიტიკურ რეკლამად ჩაუთვალა "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეო "ოცნების" საგარეო კურსზე და კლიპი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.

ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

კერძოდ, საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა სირცხვილიამ განათავსა მთავარი არხის ეთერში. სირცხვილიაში ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

ასევე, ჯარიმა დააწესეს კიდევ ერთი კლიპის გამოც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 

მარეგულირებლის იურისტმა, თამარ ხუხნიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი არხისთვის აქამდე გამოყენებულ ჯარიმებს პრევენციული ხასიათი არ ჰქონდა.

 


close დახურვა