logo
ENG



გვარამია პატიმრობაში რჩება - სააპელაციოს გადაწყვეტილება

02 ნოე 202211:10
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 16 მაისს ცნო. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს. ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა