logo
ENG



გვარამია სააკაშვილის სარჩელზე: სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო მცდარი

04 ივლ 202319:39
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია სააკაშვილის სარჩელზე: სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო მცდარი

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა მცდარი იყო, რაც შემდგომ ხელისუფლებამ პროპაგანდისტულად "გაყიდა".

"რა იყო არასწორი: არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი - პოლიტმატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე;

არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე - ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადებები საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი, უკუეფექტის გარდა;

სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემის აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე "გაყიდა" ოცნების პროპაგანდამ - "სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს", რაც ცხადია ტყუილია, მაგრამ იმუშავა", - წერს გვარამია.

დღეს სააკაშვილის მოსანახულებლად ნიკა გვარამია ვივამედში იმყოფებოდა. გუშინ ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.


close დახურვა