logo
ENG



გვარამია წულუკიანზე: ამაზე ღია მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ

14 დეკ 202015:27
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/14/830givb3am43dez.jpg

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თეა წულუკიანის კომენტარს მისი ოჯახის მიმართ თვალთვალზე "ღია მუქარად" აფასებს. ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი მიმართავს საზოგადოებას, ასევე საელჩოებს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტვს ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის", - წერს გვარამია.

 

ქართული ოცნების დეპუტატი, ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას "გაბომჟებულ საცოდაობას" უწოდებს და შემდეგნაირად პასუხობს: 

"რას ამბობთ? ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული. [...] TV პირველი და მთავარი არხი ბევრჯერ, ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრუწლოვან ძმისშვილებთან არის მიკროფონით, მოტყუებით ბინებში და სახლებში შევარდნილი. ნიკა გვარამიას თუ ჰყავს ოჯახი, ჩვენც გვყავს და დაიცავით ყველამ სტანდარტი". 

12 დეკემბერს მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ როგორც "შეუთვალეს", სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ახალ წლამდე განახლდება. 

"უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რუსთავი 2-სთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშშიო. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული", - ამბობს ის. 


close დახურვა