logo
ENG



გვარამიას ადვოკატი:სასამართლო დაკვეთის შემსრულებელია

17 თებ 202008:57
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე იმსჯელებენ. საუბარია ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის" დირექტორის ზურაბ იაშვილის პროცესზე. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

გვარამიას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით,  ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენება დაცვის მხარის პოზიციებს გაამყარებს. საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ ნიკა გვარამიას პროცესები ინტენსიურად დღე გამოშვებით ჩანიშნა და ამას უფლებადამცველი საქმის პრიორიტეტულობით განმარტავს.

„დღეს გაგრძელდება ნიკა გვარამიას საქმის გაგრძელება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურა აპირებს მოიყვანოს მოწმეები და აპირებენ მათ დაკითხვას. არ ვიცით რა პერიოდი გაგრძელდება საქმის განხილვა. იმიტომ, რომ მოსამართლემ არანორმალური გრაფიკი შემოგვთავაზა და დღეგამოშვებით ჩანიშნა სხდომები. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო დაკვეთის შემსრულებელია და ცდილობს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს პროცესი“, - აცხადებს საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

გვარამიას ბრალად ედება, „რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გვარამიას ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გარდა ამისა, მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. ზურაბ იაშვილს, მას ბრალად ედება კომერციული მოსყიდვა - მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კახა დამენიას კი  გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, მასაც 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.


close დახურვა