ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ყალბი დიაგნოზით გადაიყვანეს.
სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დაავადება - ვერნიკეს ენცეფალოპათია დიაგნოზიდან მთლიანად ამოღებულია, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი - მძიმეა.
"არის სუსტად, როგორც იყო, ჩამოჰყავს ბადრაგს და აჰყავს, ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა, რომ ახლა უკვე ის ჩამოსაყვანი და ასაყვანია უნდა იყოს ხოლმე ყოველ ჯერზე, რაც ძალიან მძიმე ამბავია. მთავარი რაც იკვეთება არის ის, რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი. მე ვნახე ფორმა ასი 27-საც და 30-საც, ორივე არის აბსოლუტურად იდენტური. ორივე არის ყალბი. დადგენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არის ამოღებული დიაგნოზიდან და ის არის ჩამოქვეითებული დისმეტაბოლურ ენცეფალოპათიამდე", - თქვა გვარამიამ.
გვიან ღამით ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. როგორც დღის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გუშინ, 29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.
27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.