პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენ ალექს მუნის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა კონგრესმენ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების პროცესში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლეს დონეს ადასტურებს.
შეხვედრისას საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხო.
„ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებაზე და იმედებზე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირიში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს მხარდამჭერ აქტზე. ეს აჩვენებს ჩვენს ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე და საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია გამოხატოს,“ - განაცხადა კონგრესმენმა კისინგერმა.
კონგრესმენი ალექსანდერ მუნი კი აცხადებს, რომ ამერიკა ქართველ ხალხზე ზრუნავს.
"ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ მათზე ვზრუნავთ. ყურადღებას ვაქცევთ რაც აქ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ეკონომიკას. განვიხილეთ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაც საქართველოში,“ - აღნიშნა კონგრესმენმა.
შეხვედრას დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი.
"ნიშანდობლივია, რომ საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესში და ისინი დაინტერესდნენ ყველა პროგრესით და საკითხით, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის დაინტერესდნენ ოკუპაციის საკითხით, ეკონომიკით და ასე შემდეგ,“- განაცხადა ჩიქოვანმა.