იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" კვლევას პასუხობს და ამბობს, რომ თემა კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარედგინა საზოგადოებას.
დიმიტრი გვრიტიშვილს პრობლემურად არ მიაჩნია, რომ განათლების ხარისხის ცენტრის მიერ უარყოფილი მოსამართლეების დიპლომები, მოგვიანებით სასამართლომ დაადასტურა. მისი თქმით, სასამართლო სწორედაც იმიტომ არსებობს, რომ დავები განიხილოს.
"ეს კვლევა კიდევ ერთხელ არის მცდელობა იმისა, რომ დამახინჯდეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარედგინოს საზოგადოებას ეს პრობლემური თემა.
დიპლომების პრობლემური თემა არ არსებობდა მხოლოდ გარკვეული სეგმენტის მიმართ, ამ შემთხვევაში, მოსამართლეებზეა ყურადღება გამახვილებული.
აქ იყო ასეულობით ასეთი საქმე სასამართლოში. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა პირის მიმართ, იქნებოდა ეს კოლეგა მოსამართლე, თუ სხვა ნებისმიერი პირი, თითოეული მოსამართლე ამ საქმეს იხილავდა ერთნაირი პრინციპებით.
გარკვეულ ხარვეზებზეა საუბარი და ის ფაქტი, რომ მხოლოდ ცენტრმა უთხრა უარი და სასამართლო გადაწყვეტილებებით არის დიპლომების შესაბამისობა და განათლების შესაბამისობა აღიარებული, არაა საფუძველი რომ ეჭვი შევიტანოთ მოსამართლეების განათლებაში. სასამართლო სწორედაც იმიტომ არსებობს, რომ დავები განიხილო", - ამბობს ის.
არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველომ" მოსამართლეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლისას საეჭვო გარემოებები გამოავლინა.
ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამი მოსამართლის, მაკა გველესიანის, ლევან გელოვანის და ინდირა მაშანეიშვილის დიპლომები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უარის შემდეგ სასამართლომ დაადასტურა. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მოსამართლე ანაიტ ოგანესიანს ერევანში დიპლომი მანამ აქვს აღებული, ვიდრე თავად უნივერსიტეტი იქნებოდა აღიარებული ქვეყანაში.
კვლევის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველომ" მოიპოვა საქართველოს საერთო სასამართლოს 299 მოსამართლის განათლების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორისაც 21 მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო დანარჩენი 278 მოსამართლე პირველ ინსტანციასა და აპელაციაში.