ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ხელისუფლებას და ამომრჩევლებს მიმართავს.
პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართვა "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ტელეპროექტის, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" პირდაპირ ეთერში მისი საარჩევნო შტაბის წევრმა წაიკითხა:
"მე ვარ სვეტლანა ტიხანოვსკაია. ჩვენ არ გვაქვს ინტერნეტი. მთელ ინფორმაციას ვიღებთ SMS შეტყობინებებით. ეს არის ძალიან საგანგაშო და წყვეტილი ინფორმაცია.
ვთხოვ ყველას, ვინც ახლა იღებს გადაწყვეტილებებს და პირველ რიგში სპეცდანიშნულების რაზმების მეთაურებს: არ გამოიყენოთ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. გთხოვთ, პროვოკაციის შემთხვევაში მიმართეთ მხოლოდ თანაზომად და ყველაზე აუცილებელ ზომებს. ახლა აზრი არა აქვს არავითარ ძალისმიერ დაპირისპირებას, ქვეყანა შეიცვალა. მშვიდობიან პროტესტს ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ თავს, უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა ბელორუსს.
მე ხაზს ვუსვამდი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად.
კიდევ ერთხელ ვთხოვ მილიციას და ჯარებს: გახსოვდეთ, რომ თქვენ ხალხის ნაწილი ხართ.
კიდევ ერთხელ ვთხოვ ამომრჩევლებს: არავითარი პროვოკაცია. არ მისცეთ თქვენ მიმართ ძალადობის საბაბი. გთხოვთ, არ დაუშვათ პროვოკაცია.
მე ვიცი, რომ დღეს დილით ბელარუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ და იმედი მაქვს, რომ ხვალ მხოლოდ კარგი ამბები გველის.
გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა. პირველ რიგში - ოფიცრებო, მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება და უნდა გააკეთოთ ეს", - ნათვამია ტიხანოვსკაიას მიმართვაში.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს, მასობრივი პროტესტი და არეულობა მოჰყვა. ყველაზე მძიმე ვითარება მინსკშია. იქ მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე მომიტინგე დააკავა. არიან დაშავებულებიც.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ქალაქ კობრინში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელკეტები და ფარები დაუშვეს.