ექსპერტი გია ნოდია "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის მიერ მომზადებულ კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ "ბურთი ოპოზიციის მხარეს არის".
როგორც ნოდიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, პარადოქსულია ის ფაქტიც, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან შედარებით მხარდამჭერების უფრო მეტი პროცენტი მოაგროვა.
"ტენდენცია არის ის, რომ ხალხი ცხოვრებით უკმაყოფილოა და ხალხს უნდა ცვლილება, მაგრამ ამავე დროს, პარადოქსულია ის განწყობა, რომ შედარებით უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს მმართველ პარტიას, ვიდრე ოპოზიციას. მაგრამ ეს აჩვენებს იმასაც, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას აქვს სერიოზული რეზერვი, რომ გააუმჯობესოს თავის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რისგან გამომდინარე იმსჯელებს რიგითი ამომრჩეველი", - აღნიშნა ნოდიამ.
Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: "ქართული ოცნება" - 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%; ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - ლეიბორისტული პარტია - 3%; ლელო - 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%
Edison Research ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი კომპანიაა.
"ფორმულას" დაკვეთით კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.