logo
ENG



გიგაური: სააკაშვილის გადაყვანა - გატაცებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პროვოკაციაა

08 ნოე 202122:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/08/s4irwcvuf4642k0.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ამ ფორმით გადაყვანის მიზანი სიტუაციის არევა და ესკალაციაა.

გიგაური ამ ქმედებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში "ასეთი უპასუხისმგებლო რამ, არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია". 

მისივე შეფასებით, ეს არის პროვოკაცია, რომლის უკანაც ქართული ოცნების ლიდერები დგანან.

"მ​ესამე პრეზიდენტის ასეთი სახით გადაყვანა/გატაცებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის პროვოკაცია, რომლის უკან, დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის პრემიერმინისტრიც დგას. ამ გადაწყვეტილების მიზანი სიტუაციის არევა და ესკალაციაა. უნდათ, რომ ადამიანები ისე გაბრაზდნენ, რომ აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ. ასეთი უპასუხისმგებლო რამ, მგონი, ამ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. გამოცდა მოუწყვეს ადამიანების ნერვებს და მთელ ქვეყანას. ასეთი ბოროტება როგორ უნდა გაუკეთო საქართველოს, მე არ ვიცი", - წერს გიგაური facebook-ზე​

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს. 

ომბუდსმენის წარმომადგენელმა ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოინახულა და თქვა, რომ სააკაშვიი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა