logo
ENG



გიორგი გახარია: ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია

27 სექ 202010:31
3 წუთის საკითხავი
clock 1087

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული ვალუტა ზედმეტად არის გაუფასურებული, თუმცა ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ნორმალურია.

"ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, იმიტომ, რომ ლარის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებში ვართ", - განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ემოციები და მოლოდინები ახდენს.

"ბევრი რამე არის ემოციებსა და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც ინფიცირების პირველი ტალღა იყო, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრად გაუფასურდა, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს", - თქვა გახარიამ.

მისივე განცხადებით, მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს რაც პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე", - თქვა პრემიერმა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 25 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება დღეს 3.3332 ლარია, ევრო კი 3.8812 ლარი ღირს.


close დახურვა