საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე უნდა პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ - უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქვს ყველა იმ მარკეტინგულ პროგრამას, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციას, უსაფრთხოების განზომილება უნდა დაემატოს.
„საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის პოზიციონირება უნდა გავაძლიეროთ. ყველაფერს, რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული და რაშიც უამრავი რესურსი გვქონდა ჩადებული, უნდა დავუმატოთ, რომ გარდა იმისა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად ეკონომიკის გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.