გიორგი გახარიას პარლამენტში კვლავ ელიან. ამჯერად პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით წარდგება. გახარია ორმა ფრაქციამ - „ევროპულმა საქართველომ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა.
ინტერპელაციის მიხედვით, პრემიერს კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მოუწევს. ორივე ფრაქცია ჯამში 10 შეკითხვას დასვამს და ათივე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას ეხება. გახარიას ვიზიტს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილიც დაესწრება.
როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური პარლამენტს ივნისის დასაწყისშიც ესტუმრება. ამჯერად გიორგი გახარია მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
ქვეყანაში შექმნილ რთულ პრობლემებზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. დეპუტატი ამბობს, რომ გახარიამ ყველაზე არსებულ კიტხვაზე კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს.
"მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს და არა ისე, როგორც ორი დღის წინ მოვიდა და რაღაცები ილაპარაკა. თურმე კორუფციას ქართულ ენაზე ჰქვია ჯიგრობა და რაღაც სისულელეები. ეკონომიკა არის ჩამოშლილი, ლარი გაუფასურებული, ფასები გაზრდილი. მოქალაქეებს ჯერაც არ მიუღიათ ის მცირე დანაპირები, რასაც მთავრობა ამ თვეების განმავლობაში ჰპირდება. ეკონომიკის გამოჯანსაღების არანაირი ცოდნა არ აქვთ. ვერაფერს ვერ უშველიან. გვინდა, რომ ეს ქვეყანა ოქტომბრამდე რაღაცნაირად მივიდეს და მერე მოხდება სერიოზული ცვლილებები. მოვა კოალიციური მთავრობა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კრიტიკული კითხვები პრემიერ-მინისტრის მისამართით ექნება "ევრპულ საქარტველოსაც". პარტიის წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მტავარი კითხვა მათ მიერვე შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას შეეხება.
"ვაპირებთ დავუსვათ კითხვები ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, რაც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, მოსახლეობისთვის საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას, ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და ეკონომიკის დროულად ამოქოქვას", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები დაოუკიდებელ დეპუტატს დავით ჭიჭინაძესაც აქვს.
"მთავრობის ყოველი ახალი ინიციატივა აჩენს ძალიან ბევრ კითხვს, თუნდაც იპოთეკარი სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ღია ხვრელები დარჩა, რომელზეც კითხვები არსებობს. სესხებთან დაკავშირებით გახარია სამწუხაროდ ამბობს ერთს, ხოლო ბანკები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. რა ხერხებით ზემოქმედებას აპირებს, რომ მის მიერ გაჟღერებული პროგრამები ბანკებში სათანადოდ ამუშავდეს", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.