logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ამერიკელების შანტაჟი და საქართველოს მომავლით ვაჭრობა!

18 ივლ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

დასავლეთის მოთმინების ფიალა აივსო კიარადა - გადაივსო... კელი დეგნანის ყვითლად გახაზული აბზაცების ფეხებზე დაკიდებას, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე მიზანმიმართული და ხელისუფლების მხრიდან წახალისებული მასობრივი ძალადობა დაემატა. ეს ყველაფერი კი ევროკავშირის დროშის ორჯერადი შეურაცხყოფით "დაგვირგივნდა". ოცნებამ ერთდროულად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, მიშელის შეთანმხება და ასოცირების ხელშეკრულება, რასაც დასავლური კრიტიკის უპრეცედენტო ქარცეცხლი მოჰყვა. პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო დეპარტამენტში გაიჟღერა სიტყვამ "სანქცია". ბრიუსელმა კი მმართველი ძალა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებაში დაადანაშაულა.

ივანიშვილი აშკარად ნაკლებად დარდობს იმაზე, რომ შელახული რეპუტაციის გამო საქართველოს დროშა ძველებურად ამაყად ვეღარ იფრიალებს. მას სხვა, მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი: შუის გაკრეფა, 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და ძალაუფლების შენარჩუნება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურებოდა მოსამართლეების დანიშვნაც და 5 ივლისის ბრუტალური ძალადობაც. თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. რადიკალურმა ჯგუფებმა თავი კი გამოაყენებინეს ოცნებას, მაგრამ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებაც მოახდინეს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილის მომზადებული მოწამლული კოქტეილი, რომელიც ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი, თავად ოცნების მისართმევი გახდეს.

მმართველი ძალა დღეს ორ ცეცხლს შუაა: ქვეყნის შიგნიდან და გარედან უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ის იძულებულია, მოძალადეები მკაცრად დასაჯოს, რაც ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხელისუფლებისადმი ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ, ოცნების საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას კი თავდაყირა აყენებს. თუმცა, იმის ფონზე, რომ მოძალადე ჯგუფებს თავად პრემიერი აქეზებდა, მორგოშიებისა და მახარაძეების დასჯა, შესაძლოა, საკმარისი აღარც აღმოჩნდეს და თავების დაგორება უფრო ზედა ეშელონებიდან გახდეს საჭირო. თუ არა და სანქციები უკვე დაანონსებულია. ვის, როგორ და როდის დაუწესებენ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, წინასწარ არავის გააფრთხილებენ. და ერთ დღესაც როცა ივანიშვილი აღმოაჩენს, რომ მისი აქტივები გაყინულია და ბერა გადაადგილების შეზღუდვის გამო სეულშია ჩარჩენილი, მათრახი ისევ ღარიბაშვილსა და მის ხელქვეითებს მოხვდებათ.

ოცნების მხრიდან ადეკვატური რეაქცია და ვითარებიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსავალი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა იქნებოდა. ამ ნაბიჯს, შესაძლოა, გარკვეული პერიოდით კრიზისიც განემუხტა და დასავლური კრიტიკაც შეეჩერებინა, თუმცა მმართველმა გუნდმა კვლავაც არაერთხელ ნაცადი მეთოდის გამოყენება არჩია: კობახიძე-თალაკვაძე-პაპუაშვილის ტრიომ თავი ბოლომდე გაიშტერა, დასავლეთი მოტყუებულად გამოაცხადა და დროის გაწელვის მიზნით დიალოგისთვის მორიგი მზაობა გამოთქვა. თუმცა აქაც შეცდომა დაუშვა და დასავლური მხარის მოტყუება ამჯერად უკვე ნაცმოძრაობისა და ქართული არასამთავრობო სექტორის ნაცვლად, პირდაპირ ამერიკელ თუ ევროპელ "ჩინოსნებს" დააბრალა. რაც, ბუნებრივია, ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან რეაქციას კიდევ უფრო გაამწვავებს. თინა ბოკუჩავასთან ძიუდოს ბოჭვის ილეთით მოჭიდავე პაპუაშვილი რომ ბლინკენს და მის უწყებას კომპეტენციას უწუნებს, ეს ერთწინადადებიანი ანეკდოტი იქნებოდა, აღნიშნული გაუგებრობა ჩვენი ქვეყნის თავს რომ არ ხდებოდეს. ივანიშვილს დასავლეთის გაცუცურაკება უკვე იმიტომაც ვეღარ გაუვა, რომ ის "ბუფერი", რომელიც ოცნების მთავრობას ბელორუსისა თუ სხვა დიქტატორული რეჟიმების მმართველებისგან განასხვავებდა, ნელ-ნელა გაიფლანგა და გაილია. ასევე გაქრა იმედი იმისა, რომ მმართველ გუნდში ვითარების გამოსწორების რესურსი არსებობს.

დასავლეთში უკვე კარგად იციან, რომ მოსამართლეების დანიშვნა და 5 ივლისს დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში, საელჩოების ფანჯრების წინ მოწყობილი "პოგრომი" მხოლოდ დასაწყისია. წინ არის ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა და საკონსტიტუციო ცვლილებები. სიურპრიზი აღარავისთვის იქნება თუ ოცნება ამ ცვლილებების მხოლოდ სათავისოდ გამოყენებას შეეცდება, რაც კიდევ უფრო დიდი უთანხმოების მიზეზი გახდება და რის შემდეგაც სულაც არ არ არის გამორიცხული, რომ ოცნებამ 43%-იან ბარიერზე და მიშელის შეთანხმებაზე საერთოდ უარი თქვას. ბუნებრივია, ეს ევროკავშირისთვისაც სერიოზული თავის ტკივილი და რეპუტაციული ზიანია. ამიტომაც შეთანხმების გადარჩენას და ამ ზიანის შემცირებას საქართველოში ჩამოსული შარლ მიშელი უკვე ხვალ შეეცდება, თუმცა უკვე ყველა კარგად ხედავს, რომ ოცნების ხელისუფლების პირობებში ბევრად უფრო ღრმა პრობლემა დგება ვიდრე მიშელის შეთანხმების შესრულებაა და რასაც ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება ჰქვია.

ქართული ოცნება ამ მომენტს წლების განმავლობაში ირიდებდა თავიდან, თუმცა საბოლოოდ ის მაინც დადგა. ივანიშვილი დღეს იგივე ხისტი არჩევანის წინაშეა, რაც იანუკოვიჩის ხელისუფლებას 2013 წელს ედგა: დასავლეთი ან რუსეთი. ევროპული დემოკრატიის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობებშიც კი მილიარდერისთვის ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, ამიტომაც მას გეოპოლიტიკურად ერთადერთი ალტერნატივა რჩება. "მოვუწოდებ, ამერიკის ყოფილ ელჩს, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს". "შეერთებულ შტატები მიეჩვია საქართველოს პოლიტიკური პროცესებში პირდაპირ ჩარევას და კარნახს საქართველოს ხელისუფლებისთვის თუ როგორ იმოქმედოს" - პირველი განცხადება ოცნების სპიკერს ეკუთვნის, მეორე კი რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფ ნარიშკინს. მათ შორის განსხვავების პოვნა ძნელია, ეს აზრობრივი თანხვედრა კი ყველასთვის, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ "პროდასავლური ოცნება" დასასრულს უახლოვდება. მისი ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში კი დასასრულს უახლოვდება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი, მის სახელმწიფოებრიობასთან ერთად. და სწორედ ამიტომ, ყოველგვარი ხელოვნური დრამატიზმის გარეშე, ბოლომდე უნდა გავიაზროთ: დღეს გზაგასაყარზე კი არ ვართ, არამედ რუსული, ავტორიტარული უფსკრულის პირას ვდგევართ და შიგ გადაჩეხვა უბრალოდ დროის საკითხი იქნება, თუ ამ ქვეყნის მოყვარულმა და მასზე მზრუნველმა ყველა მოქალაქემ დასავლელ მეგობრებთან ერთად ეს პროცესი ერთად არ შევაჩერეთ.


close დახურვა