logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ძალა მრავალფეროვან ერთობაშია!

05 მაი 202121:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/05/6xe8aewumip8ps4.jpg

 ძალა რომ ერთობაშია, ეს ქართველებმა ოდითგანვე კარგად ვიცით. ოპოზიციამაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთობით ბევრის მიღწევა შეიძლება. თუმცა ამ ერთობას დღეს სერიოზული გამოცდა ელის, რადგან მხოლოდ ერთობა აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ივანიშილიც დაამარცხონ და თავადაც გადარჩნენ. ამიტომაც კითხვა ასე უნდა დაისვას: უბრალოდ ერთობა კი არა, როგორი ერთობაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენ უკვე გვაქვს შარლ მიშელის საგზაო რუკა, რომელიც, დიდი ალბათობით, გაისად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს. თუმცა შემდეგი გაჩერება ადგილობრივი არჩევნებია, რომლის შედეგიც დიდწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, გვექნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, არამედ იმასაც, შეძლებს თუ არა ამ არჩევნებში ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას.

იმის გათვალისწინებით, რომ თავად ივანიშვილი, დიდი ალბათობით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილოებას არ მიიღებს, გახარია, საკუთარი გუნდით, ახალ პოლიტიკური მოთამაშედ გვევლინება, ხოლო მმართველი პარტია, შიდა კონფლიქტებითა თუ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებით, სერიოზულად დასუსტებულია, ოცნებისთვის 43%-ის აღება უკიდურესად რთული იქნება, რაც მიშელის შეთანმხებით - რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს.

თუ ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნების გარეშე სურს ძალაუფლების შენარჩუნება, მაშინ მისი მთავარი პრობლემა არა ნაცმოძრაობა ან ზოგადად ოპოზიცია, არამედ გახარია და მისი გუნდია. ასეთ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, ის გახარიას, როგორც პოლიტიკური ფიგურის განადგურებას შეეცდება. და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ  ცხადია, რომ არაფორმალური მმართველი, სინამდვილეში, უკვე რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება,  ადგილობრივ არჩევნებს კი, კოალიციის პერსპექტივით, ძალაუფლების შენარჩუნების რეპეტიციად განიხილავს.

ბუნებრივია, ოცნების პროგრამა მაქსიმუმი ჯამური 43%-ის მიღება და თვითმმართველი ქალაქების მერების  არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება წარმოადგენს. თუმცა, რეალისტურად თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილის მთავარი ამოცანა, უკვე მეორე ტურებში გახარიასთან და საჭიროების შემთხვევაში მოედანზე ახლად გამოსულ უცნობის აი-იასთან თუ სხვა მსგავს წარმონაქმნებთან ერთად გამარჯვება და ძალაუფლების შენარჩუნების ამ სქემის 2022 წლის რიგგარეშე არჩევნებამდე გამოცდა იქნება.

შესაბამისად, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის და პირველ რიგში ნაცმოძრაობის სტრატეგიული ამოცანა უბრალოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა კი არა,  რაც დიდი ალბათობით ისედაც მოხდება, არამედ თბილისსა და დიდ ქალაქებში გამარჯვებით ივანიშვილის გემგის ჩაშლა უნდა იყოს. ეს კი იქცევა განაცხადად, რომ ოპოზიციას ოცნებისა და მისი მოკავშირეების ჯამურად დამარცხება შეუძლია. ამას მხოლოდ ნაცმოძრაობა ვერ მოახერხებს, მიუხედავად იმისა რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე ის შესაძლოა ყველაზე ძლიერი პარტია გახდეს და ყველაზე პერსპექტიული და რეიტინგული ლიდერიც ჰყავდეს.

ამოცანის მისაღწევად საჭიროა, ოპოზიციამ საერთო ყულაბაში რაც შეიძლება მეტი ხმის მობილიზება შეძლოს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ, ოპოზიციური ერთობის ფარგლებში, თითოეული ოპოზიციურ პარტიას ექნება საშუალება, რომ წინა არჩევნებში მიღებული საკუთარი შედეგი გააუმჯობესოს და პოლიტიკურ მოედანზე თავი დამოუკიდებლად დაიმკვიდროს. სხვა შემთხვევაში, მცირე ოპოზიციურ ძალებს არც რიგგარეშე არჩევნების და არც ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობის მოტივაცია ექნებათ, რაც მხოლოდ ოცნების ინტერესებშია.

იმისთვის კი, რომ საყოველთაო ოპოზიციური ერთობა შედგეს და ამავე დროს, არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, საჭიროა, რომ პროპორიცულ ნაწილში თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვს, არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს. ხოლო მათ, ვისაც ბარიერს მიღმა დარჩენა ემუქრებათ, გამსხვილების ან უფრო ძლიერ ოპოზიციურ პარტიებთან დროებით მიერთების შანსი გაუჩნდეთ.

რაც შეეხება მერების არჩევნებს, იდეალური იქნება, თუ ოპოზიცია ე.წ. ზეპარტიულ საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება, რომლებსაც პარტიული ხმების მიღმა დამატებით მხარდამჭერების მიმხრობის პერსპექტივა ექნებათ. თუმცა, თუ ასეთი შეთანმხდება ვერ მოხერხდა, რისი ალბათობაც მაღალია, მაშინ პირველ ტური უნდა გახდეს ე.წ. პრაიმერი, იმისთვის, რომ უკვე მეორე ტურში მთელმა ოპოზიციამ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

ამ ფორმულით, ოპოზიციას უჩნდება რეალური შანსი, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ხმების მობილიზება და ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა პენსიაში გაუშვას.

ასე რომ, ძალა უბრალოდ ერთობაში კი არა - მრავალფეროვან ერთობაშია!


close დახურვა