თბილისში „ტრამპ თაუერის“ შესაძლო მშენებლობა, თავისთავად, შეიძლება იყოს ეკონომიკური და სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი თუ, რა თქმა უნდა, რეალურად განხორციელდა და მხოლოდ PR-ისტორიად არ დარჩა. დასავლური ბრენდების შემოსვლა, ინვესტიციები, ახალი პროექტები - ეს ყველაფერი, ეკოლოგიური, ურბანული და ქალაქმშენებლობითი სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ცუდი არ არის. პირიქით - პირადად მე მირჩევნია, გონივრული შეზღუდვებისა და ინტერესების დაცვით, თბილისის სივრცეში დასავლური ბრენდები დომინირებდეს და დედაქალაქის ყველაზე მაღალ შენობას ტრამპთაუერი ერქვას და არა „პუტინსკაია ვიშკა“.
მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ეკონომიკა კი არა, პოლიტიკური და პროპაგანდისტული პარადოქსია.
ზუსტად ის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს ტრამპთან დაკავშირებულ მსგავს პროექტს დასცინოდა და მას არასერიოზულ, „რაღაც ტრიუკად“ წარმოაჩენდა, დღეს უკვე ტრამპის ოჯახის ბიზნესთან შეთანხმებას თითქმის ისტორიულ წარმატებად გვასაღებს. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში სწორედ ამავე ხელისუფლების პროპაგანდა დასავლეთის სისტემურ დემონიზებას ეწეოდა, რუსული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ენითა და სიხისტით ხატავდა მას ქართველობის, ტრადიციის, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მთავარ მტრად, ხოლო თავად ტრამპს „დიფსთეიტის“, „ომის პარტიის“, რაღაც დიდი გლობალური კულისების მარიონეტად გვიხატავდა.
დღეს კი იგივე მანქანა აღტაცებაშია.
დღეს სახელისუფლებო პროპაგანდის ერთ-ერთი წამყვანი თემა გახდა ივანიშვილთან დაახლოებული ოლიგარქიული ჯგუფების მონაწილეობით ტრამპის ოჯახის ბიზნესთან შეთანხმების მიღწევა, რასაც თითქმის ეროვნული მაშველი რგოლად გვასაღებენ. გასაგებია, რომ ეს არ არის უბრალოდ ეკონომიკური ამბავი. ეს არის პროპაგანდის კლასიკური მეტამორფოზა, როცა გუშინდელი „მტერი“ დღევანდელ სარეკლამო ვიტრინად იქცევა - მხოლოდ იმიტომ, რომ ასე აწყობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს.
და აქ ყველაზე რთულ მდგომარეობაში სწორედ ის აუდიტორია აღმოჩნდა, რომელსაც წლების განმავლობაში ანტიდასავლური საწამლავით ,,ჭყეპდნენ." ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე არწმუნებდნენ, რომ დასავლეთი საქართველოს იდენტობისა და მშვიდობის მთავარი მტერია, ახლა უცებ უნდა აუხსნან, რომ ტრამპის ოჯახურ ბრენდთან დაკავშირებული შეთანხმება დიდი მიღწევაა, თითქმის ივანიშვილის საერთაშორისო რეაბილიტაციის დასაწყისი და პოლიტიკური გადარჩენის ნიშანი. ანუ იმავე საზოგადოებას, რომელსაც გუშინ დასავლეთის შიში ასწავლეს, დღეს დასავლურ ბრენდზე აღფრთოვანებას ავალებენ. ეს მხოლოდ უხერხულობა აღარ არის - ეს საკუთარი პროპაგანდის შიგნიდან ჩამოშლაა.
ამ ინფორმაციას, ცხადია, თავისი მკაფიო პროპაგანდისტული ფასიც აქვს.
მით უფრო იმ ვითარებაში, როცა დასავლეთთან უკიდურესი კონფრონტაციის ფაზაში შესული ივანიშვილისა და „ოცნების“ მიმართ დროებითი ბუნდოვანების შექმნა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტრამპის ოჯახთან არხის გაჭრის, ტრამპთან „დალაგების“ ან თუნდაც ამ შთაბეჭდილების გაყიდვა სჭირდება ხელისუფლებას იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს: თითქოს ყველაფერი ისე ცუდადაც არ არის, თითქოს დასავლეთთან საბოლოო წყვეტა არ მომხდარა, თითქოს ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს გავლენის, დაცვის და გარიგების რესურსი.
მაგრამ ერთი ბიზნეს-კონტაქტი დასავლეთთან დალაგებულ ურთიერთობას არ ნიშნავს.
არც ერთი ცათამბჯენი არ აუქმებს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ეს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს ლანძღავს, მათ ინსტიტუტებს ებრძვის, კრიტიკას შეთქმულებად ნათლავს და ანტიდასავლურ განწყობებს ყოველდღიურად აღვივებს. ამიტომ მთავარი კითხვა აქ შენობის სიმაღლე კი არაა. მთავარი კითხვაა - ეს არის რეალური საინვესტიციო და ურბანული პროექტი, თუ მორიგი საინფორმაციო ოპერაცია, რომლის მიზანიც არის არა თბილისის განვითარება, არამედ ივანიშვილის რეჟიმისთვის დროებითი პოლიტიკური ჟანგბადის მიწოდება.
თუ ეს პროექტი რეალურია - ქალაქის ურბანული სპეციფიკის და ქალაქგეგმარებითი სტანდარტების გათვალისწინებით - აშენდეს. ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი იქნება.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება ისევ ცდილობს საზოგადოებას მიჰყიდოს არა რეალობა, არამედ კონიუნქტურული ილუზია: თითქოს ტრამპის გვარი ავტომატურად ნიშნავს დასავლურ ლეგიტიმაციას, თითქოს ერთი შეთანხმება აუქმებს მრავალწლიან ანტიდასავლურ პოლიტიკას, და თითქოს ამ ყველაფერს ქვეყნის ინტერესთან აქვს კავშირი. არ აქვს.
და სწორედ ამ განსხვავების დანახვაა დღეს მნიშვნელოვანი.
