დღევანდელ აქციაზე, რა თქმა უნდა, ნებით მისულიც ბევრი იყო, თუმცა ძალით მიყვანილი კიდევ უფრო მეტი. სამწუხაროდ, საქართველოში, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ოფიციალური კონტრაქტის უხილავი ნაწილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თუ გინდა სამსახური შეინარჩუნო და ბიუჯეტის რესურსებზე წვდომა შეგრჩეს, ამ ტიპის აქციაში მინიმუმ ერთ საარჩევნო ციკლში მაინც უნდა მიიღო მონაწილეობა.
ამიტომაც ვხედავთ ამდენ ადამიანს, რომელიც სახეს იფარავს, ვინაობას მალავს და ენთუზიაზმიც დიდად არ ეტყობა. ბუნებრივია ეს დემონსტრაცია, ოცნების რიგითი მხარდამჭერების ნების გამოხატვის შესაძლებლობაც იყო, რასაც მათ ვერავინ აუკრძალავს.
და საერთოდაც არ მგონია, რომ აქ საკრიტიკო იყოს რამე: საარჩევნო კამპანიისას, თუნდაც სამუშაო დღეს, მასობრივი მანიფესტაციის ჩატარება, აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა, რაც ნორმალური ნამდვილად არ არის, ეს პარალიზებული დედაქალაქი, ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრული თბილისის ცენტრი, სრულად მობილიზებული სახელმწიფო რესურსი, პოლიცია, სატრანსპორტო საშუალებები, საჯარო სამსახურები, ააიპ-ები და სსიპ-ებია.
რაც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც ძალიან ბუნდოვნად ეჩვენებოდა ყველას, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დღეს არათუ წაშლილია, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი ერთი ადამიანის მომსახურე ქვეუწყებად არის ქცეული.
ამ მასშტაბის რესურსის, მონდომებისა და შემართების მეათედი კი არა, მეასედი მაინც რომ ჩაედოთ ვაქცინაციის ორგანიზებისა და მოსახლეობის მოტივირების საქმეში, დღეს მთელი საქართველო რამდენჯერმე იქნებოდა აცრილი, 10 ათასი ადამიანი არ დაგვეღუპებოდა, წინ არ გვექნებოდა უმძიმესი შემოდგომა-ზამთარი, ქვეყანა სრულად იხეირებდა საზღვრების გახსნით, რაც ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას და სიღატაკიდან ამოძრომის პერსპექტივას მაინც მოგვიტანდა.
მაგრამ, როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია ან არ უნდა პოლიციის მობილიზება მაშინ, როდესაც ათობით ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს უმოწყალოდ ცემენ და სასიკვდილოდ იმეტებენ, როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია სახელისუფლებო რესურსის მობილიზება 10 ათასი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ყველაფერი შეუძლია საკუთარი ეგოსა და ვნების დასაკმაყოფილებლად, ეს არის ოცნების ხელისუფლების ცინიკიური და დანაშაულებრივი ბუნების დემონსტრირება და აშკარა სიგნალი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა და ამოტრიალებულია.
კრიმინალური "ოჯახის" წევრები მიტინგებს ატარებენ და გისოსებს მიღმა მყოფ პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ; მღვდელმთავრების ნაწილი სახარებას უკუღმა კითხულობს და ციხეში მყოფი მოშიმშილე პატიმრის მოკვეთას და ლამის ჩაქოლვას მოითხოვს; ხელისუფლება მის მიერვე არჩეულ სახალხო დამცველს ნაცმოძრაობის აქტივისტობას აბრალებს და “მიღებულია ძმაო”- ს მეტი სათქმელი არაფერი აქვს, სამაგიეროდ მურუსიძის სასამართლოზე კრუხივითაა გადაფარებული; მთავრობა და მათი ექიმები ნაცვლად იმისა რომ მეცნიერებისადმი ნდობასა და პროგრესს განასახიერებდნენ, თავად თესავენ აცრის მიმართ სკეპტიციზმს და ათასობით ადამიანს სიკვდილისთვის, ქვეყანას კი დაუსრულებელი კოვიდ-ქაოსისთვის წირავენ; მასწავლებელი კი, რომელიც პატიოსნების, ღირსების და კომპეტენციის განსახიერება უნდა იყოს, არც მეტი არც ნაკლები უჯრიანი ჟურნალებით მოდარაჯე საარჩევნო კოორდინატორებად აქციეს.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. არც მეტი არც ნაკლები - ოცნების მიერ ორგანიზებული "ძველი ბიჭი მეტადონშიკების" 7 ავტობუსი იდგა რუსთავის ციხის წინ და მიკროფონში მკვდარს და ცოცხალს აგინებდა მოშიმშილე პატიმარს. თავისფულებაზე მყოფი ვერშემდგარი ქურდები და მათი „პადძელნიკები“, ციხის გარედან, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ციხეში გამომწყვდეულ საქართველოს პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომელმაც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენი, ქურდული სამყარო და კრიმინალური მენტალიტეტი ხერხემალში გადატეხა და ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა. და ეს ფიქცია ან სიზმარი არ გეგონოთ, რამდენიმე წლის წინ მართლაც შეიძლება ასე ყოფილიყო, თუმცა დღეს აღარ.
ეს ბიძინას ოცნებაა, ქართული ოცნება, რომელიც დღეს უკვე მწარე რეალობაა. ოცნების ლიდერებს და რაც მთავარია ივანიშვილს მინდა ვკითხო: იცანით საკუთარი თავი? რუსთავის ციხესთან მიყრილი, ამაზრზენი, ადამინის სახედაკარგული, დუჟმორეული არსებები - თქვენ ხართ, ის უკუღმართი ქვეყნა კი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ თქვენი ოცნების საქართველო. ასე გაგრძელების შემთხვევაში კი ხვალ ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ უარესად იქნება ყველაფერი. და თუ გგონიათ რომ ძალაუფლებას და ასეთ საქართველოს, სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რუსთაველზე ძალით მიყვანით შეინარჩუნებთ, ძალიან ცდებით. 2012 წელს, წინა ხელისუფლებამაც ნების საწინააღმდეგოდ შეაგროვა მათი უმრავლესობა და სტადიონი გადაავსო, თუმცა ამან ვერ უშველა, მისულების დიდმა ნაწილმა ხმა მაშინ თქვენ მოგცათ.
ჩვენ კი, ვისაც არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა ამოტრიალებულ, გაუკუღმართებულ და აშმორებულ ქვეყნაში იცხოვრონ, ქვეყანაში სადაც კრიმინალი პრეზიდენტს აგინებს, მღვდელი სისასტიკეს და გაუტანლობას ქადაგებს, ექიმსა და მასწავლებელს ღირსებისა და პროფესიონალიზმის აღარაფერი შერჩენია და ხელისუფალს ემონება, პაატა ბურჭულაძეს ქუთაისის ოპერაში არ უშვებენ, გავრილოვთან და პოზნერთნ ვახტანგურს სვამენ და ელარჯს უწელავენ, ხოლო გორდონს საზღვრიდან ადეპორტებენ, მოსახლეობის უმეტესობას კი შიმშილისგან სული ძვრება და წინასაარჩევნოდ მილიარდერის გადმოყრილ პურის ნამცეცებს ელოდება, ხელი უნდა გავანძრიოთ: 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურია, რომლის შედეგებმაც შესაძლოა ყველაფერი ავტომატურად ვერ შეცვალოს, თუმცა უმნიშვნელოვანესი ცვლილებების დასაწყისი გახდეს, რაც ამოტრიალებულ და უკუღმართი მიმართულებით მოძრავ ქვეყანას სწორ გზაზე დადგომის შანსს მიცემს.
ხალხო, სინამდვილეში თქვენც ხომ ასე თვლით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ 72%-ის, ანუ თქვენი აბსოლუტური უმრავლესობის აზრით ჩვენი საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, და ეს მიმართულება, რომელსაც კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შევყავართ, თავისით ვერ გასწორდება - 30 ოქტომბერს საჭე თქვენს ხელშია და შანსია რომ თქვენი ბედიც და ამ ქვეყნის მომავალიც უკეთესობისკენ შემოაბრუნოთ .