ისე არაფერი გამოხატავს დღევანდელ ვითარებას, როგორც სალვადორ დალის ეს ცნობილი ტილო, რომელიც ესპანელმა მხატვარმა 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხ მომენტში შეასრულა. „გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას“ - სისხლისღვრა, ტკივილი, კატაკლიზმები. უკრაინით და უკრაინაში დღეს ახალი სამყარო იბადება. ძველი მსოფლიო წესრიგი, რომელიც მომაკვდავი რუსული იმპერიის უკანასკნელმა კონვულსიებმა უწესრიგობად აქცია, უნდა დამთავრდეს და მთავრდება კიდეც.
დალის ნახატზე ახალი ადამიანი ამერიკის კონტინენტიდან იბადება, ხოლო მისი ძლიერი ხელი ევროპას იცავს და ფარავს. ჩრდილოატლანტიკური ერთობის ამ კონტურებში მაშინ საქართველოს ადგილი არ აღმოჩნდა, მაგრამ დღევანდელი დროის გეოპოლიტიკური ყრმა ახლა სწორედ ჩვენსკენ იყურება. საით იყურება საქართველო: ვკმაყოფილდებით მაყურებლის როლით, რომელიც მხოლოდ პირობითადაა პასიური - ის ძველი და ლპობის აქტიურ ფაზაში გადასული რუსული სამყაროს ორბიტაზე ყოფნას ნიშნავს, თუ ვართ ამ ახალი სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ვართ ობიექტი, რომელსაც ვერავინ ამჩნევს, თუ სუბიექტი, რომელიც მოქმედებს, ანუ ახალი სამყაროს დაბადებას ეხმარება?!
პუტინი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში მეზობლებზე ძალადობის უფლებით! ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება უნდა დასრულდეს! უკრაინაში ომის დაწყება უკვე იყო რუსეთის სტრატეგიული მარცხი; და მსოფლიოს ყველა დემოკრატია ვალდებულია დაეხმაროს უკრაინას! - ეს არის ამერიკის პრეზიდენტის ძირითადი გზავნილები, რომელმაც ვარშავაში ახალი სამყაროს დაბადება დააანონსა. ამ ახალი სამყაროს მთავარი კატალიზატორი კი უკრაინაა, ქვეყანა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო ამ უზარმაზარი მასშტაბის ტექტონიკური ცვლილებისთვის. პრეზიდენტი ზელენკსი და სხვა დასავლელი ლიდერები, რომლებმაც სისხლი, ენერგია და რესურსები არ დაზოგეს რუსეთის შესაჩერებლად, ხვალ უფრო ძლიერები იქნებიან, აქტიურად გამოვლენ დასავლური პოლიტიკის მოედანზე და სწორედაც რომ ისინი მოხაზავენ ახალი სამყაროს კონტურებს.
სამწუხაროდ აქ საქართველო არ არის, და შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ამ ისტორიული სიტყვაში "ჯორჯიამ” არ გაიჟღერა. არადა ჩვენი ისტორიით, განვლილი გზით, გამართული ბრძოლებით, დაღვრილი სისხლით, გატარებული რეფორმებით, ნამდვილად ვიმსახურებთ ამ ახალი სამყაროს წევრობას. თუმცა, როდესაც მოსკოვი გაქებს, ხოლო დასავლეთი აღარც გახსენებს, ან თუ გახსენებს, გაფრთხილებისთვის ტაჯიკეთს გადარებს, ეს იმ ადამიანების პოზისა და პოზიციონირების "დამსახურებაა", რომლებიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენენ.
მოდი ერთი წუთით თავი დავანებოთ ჩვენს შიდა, უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკას. ცოტა ხნით დავივიწყოთ ვინ ქოცია, ვინ ნაცი, ვინ შუაშისტი და უბრალოდ დავფიქრდეთ, ლოგიკური დაშვებები გავაკეთოთ და ამის მიხედვით დავსვათ კითხვები და მოვძებნოთ პასუხები:
ასეთი ლოგიკური დაშვებაა, რომ მოსკოვი საკუთარ მიზნებს ვეღარ აღწევს უკრაინაში. თავად რუსეთის გენერალურმა შტაბმა მოახდინა საბრძოლო ამოცანის კორექტირება და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გათავისუფლებამდე დაიყვანა. რაც იმის პირდაპირი მანიშნებელია, რომ კიევის აღება და ზელენსკის ხელისუფლების შეცვლა რეალობისგან უკვე ძალიან შორსაა. დემილიტარიზებული რუსული ტერიტორიის ნაცვლად, პუტინმა უკვე მიიღო მილიტარიზებული ანტი-რუსეთი, რომლის ეკონომიკურ აღორძინებაზე დასავლეთი იზრუნებს, ამის არდაშვება კი ომის დაწყების მთავარი რეალური მიზეზი იყო.
რუსეთის სამხედრო ძლიერების მითი დაიმსხვრა; ცივილიზებულმა სამყარომ მოსკოვი მძიმე მარწუხებში მოაქცია; უპრეცედენტო სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ეკონომიკის მუხლებზე დაშვება უბრალოდ დროის საკითხია; დასავლეთი ერთხელ და სამუდამოდ ამბობს უარს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებაზე, და ამას აკეთებს უპირველესად გერმანია, ომის დამნაშავედ გამოცხადებულ პუტინს კი ლეგიტიმურ ლიდერად დარჩენა აღარ უწერია.
მეორეს მხრივ, მკაფიო პირობა გაცემულია - დემოკრატიული სამყარო ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მაქსიმალურად გააძლიერებს უკრაინას და დასავლეთის ფორპოსტად და სტაბილურობის გარანტად აქცევს აღმოსავლეთის ფრონტზე. პრეზიდენტი ზელენსკი კი, რომელიც უკრაინის მებრძოლი სულის განსახიერებაა, უკვე არის კიდეც თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი. ის ამავე დროს დემოკრატიული სამყაროს ძალის განსახიერებაცაა, იმ სამყაროსი, რომელიც სუსტად მიიჩნეოდა, რადგან რუსულ ტოტალიტარიზმთან ღია კონფრონტაციას და უხეში ძალის გამოყენებას ყოველთვის ერიდებოდა. სწორედ ზელენსკიმ და უკრაინელი ხალხის თავგანწირვამ აიძულა დემოკრატიული სამყარო პრინციპულობა გამოეჩინა, ძალა გამოეყენებინა და მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ავტორიტარიზმისა და ტირანიის დამარცხება ერთად დგომით შესაძლებელია.
სამყარო ჩვენს გარშემო უსწრაფესად იცვლება. და მთავარი კითხვა - ჩვენ სად ვართ? რას ვაკეთებთ? თუ ამ ცვლილებებს ისევ ივანიშვილის მონა-მორჩილი, საერთაშორისო რეპუტაცია განულებული ღარიბაშვილი-კობახიძის მთავრობით ვხვდებით, რომლებიც ზელენსკისა და მისი გუნდის წევრებს სააკაშვილის შემდეგ ყველაზე დიდ პოლიტიკურ მტრებად მიიჩნევენ და ღირებულებით წინააღმდეგობაში მოდიან ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის და ბრიტანეთის ლიდერებთან, მაშინ, პირდაპირ გეტყვით, საქართველოსთვის ამ ახალი სამყაროს წევრობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რაც ჩვენი ქვეყნის დასავლეთიდან იზოლირებას, უსაფრთხოების ისედაც მყიფე გარანტიების ბოლომდე მოშლას და ქვეყნის რუსული რკინის ფარდის მიღმა დარჩენას ნიშნავს. ეს კი თავის მხრივ, საქართველოს კორუფციის ღრმა ჭაობში ჩაძირვას, მმართველობითი რეჟიმის კადიროვიზაციას, სრულ ეკონომიკურ კატასტროფას, სარჩო საბადებლისთვის გადახვეწილ ქართველობას და აქ დარჩენილთა უკიდურეს სიღატაკეს მოასწავებს. მეტიც, საქართველო დაემსგავსება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს, რომლის მოსახლეობასაც დღეს პუტინი საკუთარ შიზოფრენულ იმპერიულ ამბიციებს საზარბაზნე ხორცად წირავს.
გამოსავალი და გადარჩენაც ერთადერთია: საქართველო ამ ახალი სამყაროსა და წესრიგის მიღმა არ უნდა დარჩეს. ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანამ განახლებული მანდატი მიიღოს და ყველა ის ძველი “ცოდვა” ჩამოირეცხოს, რითაც ოცნების ხელისუფლების პირობებში დამძიმდა და რაც ხელს უშლის უკრაინისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით საქართველოს თამამად დგომას. ყველაზე სასურველი განვითარებაა, თუ ეს მოხდება სამართლიანი არჩევნებით და განახლებული, ეროვნული თანხმობის კოალიციური მთავრობით, რომელშიც აღარ იქნებიან ღარიბაშვილები და კობახიძეები, თუმცა იქნება ადგილი ყველა პარტიისთვის, მათ შორის ქართული ოცნებისთვის, იმ პროპორციით, როგორც ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს.
ასეთი სცენარი ყველაზე უმტკივნეულოა და რეალურიც, თუ ივანიშვილი რაციონალურ სარგებელს დაინახავს და ამ პროცესის მონაწილე გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ჩვენგანს, ვისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი სულერთი არ არის, და ვისაც პუტინის "რუსკი მირში” ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია, ერთად მოგვიწევს მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება და მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თაობების უზარმაზარი მსხვერპლის და წვალების შედეგად აქამდე მოყვანილი ჩვენი საყვარელი და საამაყო ქვეყანა - საქართველო, ახალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, დღევანდელი მმართველის გეოპოლიტიკური სიბეცის, თუ პუტინის დაუძლეველი შიშის გამო, სრული ლპობის მდგომარეობაში გადასულ რუსულ გვამთან ერთად ისტორიის სანაგვეზე არ აღმოჩნდეს?!