logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას კლანი და ძაღლის საბელი

23 აპრ 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

არასწორია: არსებობს სასამართლო კლანი, რომელსაც პარლამენტი და პრემიერი ღარიბაშვილი იცავს. სწორია: არსებობს მხოლოდ ერთი - ბიძინას კლანი, რომელსაც მრავალი განყოფილება აქვს, მათ შორის ერთ-ერთია სასამართლო.

ამ ტიპის კლანური მმართველობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მისი სხვადასხვა განშტოებები, საერთო ქოლგის ქვეშ, თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდნენ და “ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის” პრინციპით მოქმედებდნენ. ამიტომ, ის, რაც ბოლო კვირის განმავლობაში პარლამენტში ხდება, სხვა არაფერია თუ არა ჩიხში მომწყვდეული ბიძინას კლანის მცდელობა, ყველაფრის ფასად და ყველა სხვა აქტორის, მათ შორის პარლამენტის და მთავრობის ჩართულებით, გადაარჩინოს კლანის სასამართლო განყოფილება. ხოლო ის ფაქტი, რომ დღეს უკვე საქმე გვაქვს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობაზე უარის თქმასა და პარლამენტის ფუნქციონირების აშკარა საბოტაჟთან, ბიძინას კლანის გამოუვალ და აგონიურ მდგომარეობაზე მეტყველებს, რაც შეუმჩნეველი ვერც ქვეყნის შიგნით დარჩება და ვერც მის გარეთ.

კლანის სასამართლო განყოფილების დაცვით ივანიშვილი საკუთარ ძალაუფლებას და არაფორმალური მმართველობითი სისტემის მდგრადობას რომ იცავს, ეს ყველასთვის ნათელია. სხვანაირად წარმოუდგენლად ძნელი იქნებოდა იმ ვითარების ლოგიკური ახსნა, როდესაც ოცნების ლიდერები იმ მოსამართლეებზე არიან გადაფარებული, რომელთა გაშვების დაპირებითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო შეიძლება იყოს ის მეორე სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ხდება კორუმპირებული მოსამართლეების ყველაფრის ფასად დაცვა.

დასანქცირებული და კორუმპირებული მოსამართლეების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ზოგადად ქართულ სასამართლო სისტემაში დარჩენით, დიდი შანსია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მისი მართლმსაჯულების სისტემის რეპუტაციაშელახულ მოსამართლეებთან ასოცირება დაახლოებით იგივე დონის პრობლემად შეიძლება იქცეს, როგორიც აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღება გახდებოდა. ამდენად, ეს საკითხი მხოლოდ 4 მოსამართლეს, ბიძინას კლანს, ან თუნდაც მის ძალაუფლებას არ ეხება - პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რომლის საბოტაჟსაც ოცნების ხელისუფლება ამჯერად უკვე კორუმპირებული მოსამართლეების დაცვით ცდილობს.

და რაც მთავარია, ყველა ჩვენგანი, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხარდამჭერები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ელოდნენ და რა მიიღეს ქართული ოცნების დაფუძნების 11 წლისთავზე?! სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართლიანობის ეგიდით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა უსამართლობისა და კორუმპირებულობის ფლაგმანებს ყველაფრის, მათ შორის ჩვენი ევროპული მომავლის ფასად იცავს; ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლისთვისაც მილიარდერ მმართველს კეთილდღეობა უნდა მოეტანა, დღეს კი კანცელარიასთან დედების განწირული ხმები გვესმის, რომლებიც საკუთარი შვილების გადასარჩენად წამალს ითხოვენ; და ბოლოს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, საიდანაც რუსი ოკუპანტები ძაღლის საბლით ცდილობენ, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც ეყოთ სიმამაცე, წინააღმდეგობა გაეწიათ მომხდურებისთვის და მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად, ტყვეობას გადარჩენილიყვნენ, ივანიშვილის კლანის მართული საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც დღეს, მოსკოვს, მართლაც რომ ძაღლის საბლით ჰყავს დაბმული და რომელსაც, ტყვეობას შეგუებულს, წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ შერჩა.


close დახურვა