logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას ჰორიზონტი

18 სექ 202220:08
3 წუთის საკითხავი
 

კარგად დააკვირდით სამარყანდში გადაღებულ ფოტოს: ისტორიული მოვლენის თუ შეხვედრის ამსახველი კადრი ხშირად უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელია და უკეთ გამოხატავს რეალობას, ვიდრე იმავე სურათზე ასახული ლიდერების საუბრის შინაარსი. ის, თუ ვინ არის ამ გარემოში მასპინძლის როლში და ვინ კარნახობს გარშემომყოფებს საკუთარ პირობებს, თვალნათლივ ჩანს ფოტოზე გამოსახული ადამიანების განლაგებითა და სხეულის ენით. კარგია რომ საბედნიეროდ, თურქეთთან უაღრესად ახლომეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ცუდი კი ის არის, რომ სამწუხაროდ ამას ვერაფერში ვიყენებთ და იმ ადამიანების ბედს შევნატრით, რომლებიც ამ სურათზე პუტინის გვერდით ასე სასაცილოდ გამოიყურებიან. მაგრამ ჩვენ ხომ განსაკუთრებული ერი ვართ და ხელისუფლებაც უნიკალური გვყავს.

მხოლოდ დღევანდელ საქართველოში შეიძლება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ომის დაწყებაზე ასე სარკასტულად საუბრობდეს და ომსა და მშვიდობაზე პლებისციტის იდეით არამარტო ქართულ საზოგადოებას, მთელს მსოფლიოს ტროლავდეს. მის სიტყვებს  მთავარი მტრის რუპორი ზახაროვა მოსკოვიდან ამერიკელების დასამუნათებლად ციტირებდეს, ხოლო ინალ არძინბა სოხუმში, რუსებისა და მარიონეტული ხელისუფლებისადმი აფხაზების უკმაყოფილების გასანეიტრალებლად და აქცენტის გადასატანად იყენებდეს...

მხოლოდ დღევანდელ საქართველოში შეიძლება განასახიერებდეს უკიდეგანო პაციფიზმს ვინ-ვინ და თავდაცვის მინისტრი, რომელიც ყველა საჯარო გამოჩენის მთავარ ამოცანად იმის მტკიცებას მიიჩნევს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს;

მხოლოდ დღევანდელ საქართველოში შეიძლება ომში მყოფ უკრაინელ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს საზღვრიდან ვაბრუნებდეთ და თბილისში ჩამოსეირნებულ ქსიუშა სობჩაკის შხამნარევ ქართულ სენტიმენტებზე ვიღაცებს გული უჩუყდებოდეს.

მხოლოდ დღევანდელ საქართველოში შეიძლება მასობრივი უკანონო მოსმენის, თვალთვალისა და მიყურადების სკანდალს სკანდალი მოჰყვებოდეს, ყველა თავის ადგილზე რჩებოდეს და მოსმენილ-მიყურადებული იერარქები, მათ მომსმენელ-მიმყურადებლებს ტაძარში სანთელს აწვდიდნენ და ლოცავდნენ; ასევე, ლამის საპირფარეშოებში ნათვალთვალები პარლამენტი, დანაშაულის ჩამდენ და დახვრეტილი სათლივით მტკიცებულებების მფრქვეველ სუს-ს ეფექტურობას უქებდეს და ფეხქვეშ ეგებოდეს.

მხოლოდ დღევანდელ საქართველოში შეიძლება გვიმტკიცებდეს მთავრობა რომ ეკონომიკა დუღს და პარალელურად  ყოველი მეორე ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობდეს, ხოლო ყოველი მესამე გამოკითხული ამბობდეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საკვებისთვის საჭირო თანხა ხშირად არ ქონია.

და ბოლოს, მხოლოდ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება შეიძლება არ იმჩნევდეს იმას, რომ ჩვენს უშუალო სამეზობლოში, თუ კიდევ უფრო შორს, ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერებმა - "დიდმა ბიძიებმა" უკვე დაიწყეს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება. ამ "დიდი ბიძიებიდან" ჩინელი სი ყაზახეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად დგება, ერდოღანი ალიევს მფარველობს, დასავლელი ლიდერები ზელენსკის და მებრძოლ უკრაინას ეხმარებიან, პუტინმა კი, რომელსაც თავისი გასჭირვებია და ლუკაშენკოღა შერჩა, ერევანი ისე მიატოვა, რომ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გაფუჭებულ თოფს ადარებს, რომლითაც შეშინებითაც კი აღარავის ეშინია. ფაშინიანის გადასარჩენად და როგორც თავად თქვა "ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის დაპირისპირებაში" დასახმარებლად ერევანში კონგრესის სპიკერი ჩადის. აი, ჩვენ კი ვართ საბავშვო ბაღში დაგვიანებული მშობლის მომლოდინე, დაბნეული ბავშვივით დარჩენილი, ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების პროვინციული იწილო-ბიწილოთი დაკავებული, ლუკაშენკოს ადგილს შევნატრით პუტინის გვერდით და ისე ვიქცევით, რომ ჩვენთვის ხელის ჩაკიდების სურვილი აღარავის აქვს. უფრო სწორედ, ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა მალე მართლაც აღარავის ექნება.

ამის თქმის საფუძველს დეგნანის ბოლო ინტერვიუ მაძლევს. ელჩმა ოლიგარქს მისივე ტელევიზიის ეკრანიდან უთხრა: - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ამერიკის დემონიზებით ცნობილი ოთხეულის ვინაობაც მოიკითხეს და იმითაც დაინტერესდნენ, ამ ყველაფერთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება რას ფიქრობს და აკეთებსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს... ჯერ კიდევ კითხულობენ და აინტერესებთ - რა ხდება ჩვენთან. თუმცა, მხოლოდ ამერიკის სურვილი არ კმარა, და თუ ასე გავაგრძელეთ, აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც აღარც არაფერს გვკითხავენ და აღარც არაფერი გააკვირვებთ თუ გააღიზიანებთ. მაშინ მივხვდებით რომ მივედით. და რომ ეს ის ბოლო გაჩერებაა, რომელსაც "რუსკი მირი ჰქვია"და  რომლის იქითაც ივანიშვილის ჰორიზონტი არც არასოდეს წასულა.


close დახურვა