30 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ჩემს რამდენიმე მეგობარ მოზარდთან ერთად, უზნაძეზე, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის შესასვლელში ვიდექი და დონორების რიგს ველოდი. მანამდე კი, დილის რვის ნახევარზე, აფეთქებებისა და სროლის ხმამ რუსთაველიდან დიდუბემდე, ჩემს სახლამდეც მოაღწია. პირველი დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებაც გავიგეთ და შოკში ჩავარდნილმა ბიჭებმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ - როგორ მოვქცეულიყავით. გვეგონა ეს უბედურება ერთჯერადი ინციდენტი იქნებოდა, ყველა გონს მოეგებოდა და სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ - გადავწყვიტეთ: ორივე მხრიდან დაჭრილ-დაზარალებულებისათვის სისხლის ბანკის რეზერვი შეგვევსო... მას შემდეგ ბევრი სისხლი დაიღვარა...
ზუსტად 30 წლის წინ პარლამენტთან ტყვია გავარდა. სამოქალაქო დაპირისპირება ცხელ ფაზაში გადავიდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საერთო ენა ვერ გამონახეს. ცეცხლზე ნავთი ჩრდილოელმა მეზობელმაც დაასხა, დაპირისპირებულ მხარეებს ტყვია-წამალი უხვად მიაწოდა და მივიღეთ სამხედრო გადატრიალება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა: ასობით დახოცილი და ათასობით დაშავებული, მოკლული პრეზიდენტი, სამეგრელოს აოხრება, დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო, დანგრეული თბილისის ცენტრი, მოშლილი ეკონომიკა, გაღარიბებული ხალხი, დევნილობა ან ქვეყნიდან გაქცევა. ტრავმას, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა, ვერასოდეს მოვიშუშებთ.
დღესაც კრიზისში ვართ და ვერც დღეს პოულობს ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენას. თუმცა, ცოტას თუ წარმოუდგენია რომ ხვალ, რუსთაველის გამზირზე სისხლისმღვრელი ბრძოლები გაჩაღდება. ვხედავთ, რომ უსისხლო ომი უკვე მიმდინარეობს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თბილისის ქუჩების ნაცვლად, ადამიანები ცეცხლს, ერთმანეთს, მედიაში, ფეისბუკსა და სოციალურ ქსელებში უშენენ, რასაც სამწუხაროდ ოცნების სტრუქტურებთან ერთად ჩრდილოელი მეზობელიც ორგანიზებულად უწყობს ხელს. ბევრმა შეიძლება ისიც თქვას, რომ კარგია ეს ომი დღეს ფეისბუკში რომაა და არა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და ისიც დაამატოს, რომ 30 წლის წინ სოცქსელები რომ ყოფილიყო, შეიძლება სისხლისღვრა თავიდანაც აგვეცილებინა...
ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, თუმცა ის ფაქტი, რომ ადამიანები აგრესიის ორთქლს სოცქსელებში უშვებენ, სულაც არ არის იმის გარანტია, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისგან დაზღვეულები ვართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია და აქვს კიდეც ბერკეტები იმისთვის, რომ ომი ფეისბუკიდან ქუჩაში გადმოიტანოს. ჩვენ უკვე ვიხილეთ ხელისუფლების წახალისებული ფიზიკური დაპირისპირება თბილისის ქუჩებში 5 ივლისს, ვნახეთ ნაცემი ადამიანებიც და გარდაცვლილიც, და ისიც ვნახეთ, რომ სამართალდამცავების პასიურობის ფონზე შეიძლება უარესიც მომხდარიყო. ამას ემატება უკვე კარგა ხნის განმავლობაში დაგროვილი ზიზღი და სიძულვილი, კრიზისი და უძრაობა ფაქტობრივად ყველა სფეროში, და რაც მთავარია ძალიან დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს საქართველო ასაფეთქებლად გამზადებულ დენთის კასრს ჰგავს, ასანთის გამკვრელი კი ბევრია და ყოველთვის მოიძებნება. თუ იმას ველით, რომ კიტოვანი რუსთაველზე კვლავ ზარბაზანს გამოაგორებს და პარლამენტის შენობას ესვრის, ეს მართლაც ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა დღეს სამოქალაქო დაპირისპირება, ფორმების მიუხედავად, არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, ვიდრე 30 წლის წინ პარლამენტის შენობისთვის ნასროლი ჭურვები.
და კიდევ ერთი - სამოქალაქო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, რუსულ იმპერიაში ქაოსმა და გაურკვევლობამ დაისადგურა. ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ბალტიის სახელმწიფოების მსგავსად ეს მოვლენა აქტიურად გამოგვეყენებინა და რუსეთის გავლენის სფეროდან სამუდამოდ გაგვეღწია, ერთმანეთს ვეომეთ და დასავლური პერსპექტივას თავი რომ დავანებოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩავაბარეთ მაშინ საკმაოდ დასუსტებულ რუსეთს. დღეს კი როდესაც რუსეთი ბევრად ძლიერია, დასავლეთი კი საკუთარი პრობლემებით უხვად დახუნძლული, ამ ქვეყანაში ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება იქნება კიდევ ერთი აგური დასავლელი სკეპტიკოსების პინაზე და საბოლოო ნაბიჯი უკან - ავტორიტარულ რუსულ სივრცეში - "რუსკი მირ-ში", რომლის აღდგენასაც პუტინი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს.
დასაბამიდან დღემდე კონფლიქტისა თუ კრიზისის გადაწყვეტის სულ ორი გზა არსებობს: ომი ან მოლაპარაკება. თუ ვილაპარაკებთ ეს სულაც არ არის გარანტია, რომ პრობლემა გადაწყდება, თუმცა თუ არ ვილაპარაკებთ, მაშინ ერთადერთ ალტერნატივად კვლავაც ომი დარჩება. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა ყოვლისმომცველ დიალოგზე სულაც არ არის გარანტია რომ ეროვნულ თანხმობამდე მივალთ, თუმცა მისი ალტერნატივა რაც არის, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით, ყველა კარგად უნდა ვხვდებოდეთ.
ალბათ ეს არის დღევანდელი საქართველოსთვის იმ სისხლიანი დეკემბრის მთავარი გაკვეთილი.