logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დისტანციური მართვის პულტი

09 თებ 202223:03
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ისედაც უსახური სამთავრობო შემადგენლობა დღევანდელი ცვლილების შედეგად კიდევ უფრო უსახური გახდა. ივანიშვილის გეგმამ - მაქსიმალურად გაიმარტივოს ქვეშევრდომების საშუალებით ქვეყნის მართვა, ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. თუ ქართული ოცნების მმართველობის საწყის ეტაპზე, მინისტრთა კაბინეტი პოლიტიკური კოალიციის ანარეკლს წარმოადგენდა, მინისტრები კი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, თანდათან ივანიშვილმა კაბინეტი პოლიტიკოსებისგან სრულად გაწმინდა და ქართუ ბანკის კადრებით დააკომპლექტა. ხოლო ის რასაც დღეს ვხედავთ - მისი გეგმის დასკვნითი ფაზაა, როდესაც ქვეყნის დისტანციურად სამართავ პულტზე, მან მხოლოდ სამი ღილაკი დატოვა: აღმასრულებელი ხელისუფლება - ღარიბაშვილს, საკანონმდებლო - კობახიძეს, მესამე ღილაკი კი სუსია, რომლის საშუალებითაც მილიარდერი კონტროლისა და ბალანსის მექანიზმს ინარჩუნებს. შედეგად კი მივიღეთ ცუდი გაგებით ტექნოკრატიული მთავრობა, როდესაც მინისტრები საზოგადოებისთვის უცნობი, ნულოვანი პოლიტიკური წონის პირები არიან, რომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არა პროფესიონალიზმი ან თუნდაც ივანიშვილისადმი მორჩილება, არამედ ღარიბაშვილის თუ კობახიძისადმი ლოიალობაა.

ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ წულუკიანია. ერთადერთი მინისტრი, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური წონით და სახასიათო თვისებებით, თანამდებობა, ივანიშვილისადმი განსაკუთრებულ ერთგულებაზე კიდევ უფრო მეტად დიდი ბოღმის ტარებით და დემონსტრირებით შეინარჩუნა.

მოკლედ, დღეს ვართ ქვეყანა, რომელიც გადასულია შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ექსცენტრიული ოლიგარქის დისტანციურ მართვაზე. მას და მხოლოდ მას უპყრია ეს პულტი, ისე, რომ არც პოლიტიკური კლასი, არც ინსტიტუტები და არც მითუმეტეს ხალხი ამ პროცესში არ მონაწილეობენ. დღეს ივანიშვილს ლუდოვიკო მეთოთხმეტის მსგავსად თამამად შეუძლია წარმოთქვას ფრაზა: "სახელმწიფო - ეს მე ვარ!".. ალბათ ამბობს კიდეც, თან საკმაოდ ხშირად, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება და ხელში დისტანციური მართვის პულტს შეათამაშებს. და ასე იქნება მანამ სანამ პულტში ბატარეა არ დაჯდება, ან მისი ნამდვილი მეპატრონე - ქართველი ხალხი არ იტყვის, რომ სახელმწიფო - თავად არის!


close დახურვა