logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დიქტატურებთან ფლირტი, დემოკრატიებთან კონფლიქტი

13 სექ 202321:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/8aein5jwb3zlcle.jpg

არამარტო ჰომო საპიენსის - ცხოველების და მცენარეების სამყაროშიც, როდესაც ესა თუ ის არსება მეორისადმი სიმპათიას ამჟღავნებს, ერთი უნივერსალური წესი მოქმედებს: სასურველი პარტნიორის მისაზიდად ლომებიც და ვეფხვებიც, მგლებიც და ტურებიც, ირმები თუ ზებრები, არწივები, გედები, ბუზები, კოღოები და გველებიც კი ცდილობენ, საკუთარი თავის საუკეთესო ნაწილი წარმოაჩინონ, სასიამოვნო ხმა გამოსცენ და სასიყვარულო მზაობის სიგნალი გაუგზავნონ პოტენციურ მიჯნურს. ასევე ვიქცევით ჩვენც, ადამიანები - სასურველი პარტნიორისადმი, ახალგაზრდული ტერმინი რომ ვიხმაროთ - "ქრაშისადმი" მოწონებას და პატივისცემას გამოვხატავთ, "ვალაიქებთ", "ვგულავთ" და სამაგიეროდაც იმავეს ველით.

დღეს ევროკავშირი ყველა ნიშანს გვაძლევს, რომ საქართველო სასურველი პარტნიორია და ბრიუსელს მასთან დაახლოება სურს, ამის მორიგი დასტური ჯოზეფ ბორელის სტუმრობა იყო. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა მეგობრული და სასიამოვნო ტონით გვითხრა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და მას არასდროს მიატოვებს. თუმცა, იმისთვის, რომ საქართველომ გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იცხოვროს, საჭიროა თავადაც მოინდომოს - უკეთესი გახდეს, 12 პუნქტი შეასრულოს, საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში მოიყვანოს, უკრაინას გვერდში დაუდგეს, ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტს შეეშვას და ზოგადად - ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას უერთგულოს. ერთი სიტყვით, ბორელმა პატივისცემა და სიახლოვის სურვილი დაგვიდასტურა და ჩვენგანაც იგივე მოითხოვა.

პასუხად, ღარიბაშვილმა მტრული და აგრესიული ტონით მიახალა სტუმარს, რომ ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ ექცევა; ეჭვი შეიტანა ბრიუსელის კეთილგანწყობასა და განზრახვებში და ღია სიგნალი გააგზავნა, რომ მოქმედების კორექტირებას არ აპირებს, ანუ არც 12 პუნქტის შესრულებას და არც საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრაში მოყვანას გეგმავს. შემდეგ, პირდაპირ შანტაჟზე გადავიდა და განაცხადა, რომ თუ ბრიუსელი საქართველოს ისეთს არ მიიღებს, როგორც დღეს არის, ანუ მილიარდერის სამფლობელოს - რუსეთთან და ჩინეთთან ფლირტისთვის და უფრო მეტისთვისაც არის მზად.

მასპინძლის უსაქციელობის გამო, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გეგმები არ შეუცვლია. 80 წელს მიტანებულმა ბორელმა საქართველოსადმი პატივისცემისა და სიახლოვის სურვილი იმითაც დაამტკიცა, რომ ზურგჩანთამოკიდებულმა ყაზბეგი დალაშქრა და გზავნილი, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, 3 014 მეტრის სიმაღლეზე, ბოლნური ჯვრის ფონზე გადაღებული ფოტოთი გვამცნო, რის შემდეგაც, იმავე ზურგჩანთით, რეგულარული რეისით ევროპის დედაქალაქში დაბრუნდა.

ამასობაში, ღარიბაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ღიად ეჩვენებინა, თუ რამდენად შორსაა თავადაც და ივანიშვილის საქართველოც ევროპული ღირებულებებისგან. რუსეთის მოკავშირე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას მილიარდნახევრიან კომუნისტურ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლა დაუმატა, რითაც საქართველო გაერთიანებულ ევროპას კიდევ უფრო დააშორა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ანტი-ევროპული კამპანიის ფონზე, დაიწყო პრეზიდენტის, ანუ სახელისუფლებო ისტებლიშმენტში ევროკავშირისთვის მისაღები ერთადერთი პოლიტიკური ფიგურის იმპიჩმენტი. ბონუსად ისიც შევიტყვეთ, რომ ღარიბაშვილმა საკუთარი შვილი სტუდენტურ მოგზაურობაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა, რითაც სამყაროს ამცნო, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, ივანიშვილის მსახური, ავტორიტარობაზე მეოცნებე, ძალაუფლებასა და ღარიბი ქვეყნის გაღატაკებული ხალხის ბიუჯეტს დახარბებული ტიპური აღმოსავლური მმართველია, რომელსაც თვით კიმ ჩინ ინთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ლიდერთან, იმ განსხვავებით, რომ კიმს ჩინელებიც ფიგურად აღიარებენ, აგერ პუტინი პატივისცემით მასპინძლობს და შეიარაღებას ეხვეწება - აი, ივანიშვილსა და მის მარიონეტებს კი მარტო დასავლელ ლიდერებთან აქვთ დიდი გული… უფრო სწორად, მათი გული და სხეულის სხვა ნაწილიც, დიდი ხანია, რუსებს და ახლა უკვე ჩინელებს საზიაროდ ეკუთვნით, საქართველოსაც დიქტატურებთან ფლირტისა დემოკრატიებთან კონფლიქტისთვის სწირავენ..

ევროპელებს ჯერ მოთმინება ჰყოფნით. ბიძინას სამწყსო ვინ არიან, გაიგეს.. ახლა ცდილობენ გაერკვნენ, თანამედროვე ქართველობას იმ ხალხთან რა შეგვრჩა საერთო, რომელმაც კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანის ეპოსი შექმნა და ამავე მყინვარწვერის გზაზე მდგომი ის ნიშა აგვიშენა, რომლის ფონზეც ბორელმა ფოტო გადაიღო და მრავალმნიშვნელოვანი კეთილგანწყობის სიგნალი დაგვიტოვა.


close დახურვა