რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, რაც ჩვენ გადაგვხვდა, რასაც პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდით - ამაზე მეტი თითქოს რაღა იყო საჭირო რეჟიმის ზღვარგადასულობის გასააზრებლად, მაგრამ სისასტიკის, არაადამიანობის, ბუნებით "რუსულობის" ერთ-ერთი, თუ არა მთავარი სამხილი უკვე ყველას თვალწინ დევს: BBC-ის საგამოძიებო დოკუმენტურმა ფილმმა ვარაუდის დასაბუთების მაღალი სტანდარტით აჩვენა ის, რასაც ხელისუფლება ერთი წელი უარყოფდა - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში საფრთხის შემცველი ქიმიური ნაერთები იყო. ნაერთები, რომელთა ზეგავლენამ ასეულობით ადამიანს ჯანმრთელობის მძიმე, ზოგიერთ შემთხვევაში - შეუქცევადი პრობლემები შეუქმნა.
ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, არც ზედამხედველობის ხარვეზი. ეს არის პოლიტიკური არჩევანი. არჩევანი რომლითაც ძალადობის სასიკვდილო ზღვართან მისულმა რეჟიმმა რუსეთის ჰიბრიდული ომის სცენარში, საკუთარი მოქალაქე - საკუთარი ხალხი - მტრად გამოაცხადა.
ამ სკანდალური მხილებისა და მისი საერთაშორისო რეზონანსის ფონზე ხელისუფლებამ ორჯერ სცადა გაქცევა: ჯერ სრულად უარყო ქიმიური შემადგენლობა; შემდეგ - მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა; საბოლოოდ კი ზედაპირული, გაუმჭირვალე „ხუთდღიანი გამოძიებით“ გამოაცხადა, რომ არც გადაცდომა ყოფილა და არც პასუხისმგებელი. პარალელურად კი დაიწყო იმ ადამიანების დევნა, ვინც BBC-ის კამერებთან გაბედეს და სიმართლე თქვეს.
ეს ყველაფერი შემთხვევითობა არ არის. ეს სისტემაა. სისტემა, რომელიც მანამდეც იმავე ლოგიკით მუშაობდა - სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი და შემდეგ ნაწამები დემონსტრანტები, პერსონალურ სამიზნეებად ქცეული, გატაცებული, სასტიკად ნაგვემი პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტებზე ორგანიზებული თავდასხმები, სუსის და პოლიციის მფარველობის ქვეშ დარბევებში კრიმინალური ჯგუფების მონაწილეობა. მხოლოდ იღბლის დამსახურებაა, რომ ამ სასტიკ რეპრესიებს ჯერ ფატალური შედეგი არ მოჰყოლია.
და მაინც, BBC-ის გამოძიების შედეგი ჩვენთვისაც შოკი იყო, რეჟიმის მიერ გამეტებაში ზღვარგადასულობის მასშტაბის გააზრების შედეგად გამოწვეული შოკი.
თითქოს ჩვენთვისაც კი დაუჯერებელია, რომ 9 აპრილის შემდეგ, ახლა ქართველი როდიონოვები გვწამლავდნენ. მაგრამ ყველა მიღებული ტრამვის გახსენებითა და იმის გათვალისწინებით, თუ რა მტრული შინაარსითა და დაუნდობლობით აწარმოებს ქართულენოვანი პროპაგანდისტული მანქანა რუსულ ჰიბრიდულ ომს საქართველოში - აღარაფერია გასაკვირი, არ არსებობს ეთიკური, ადამიანური, სამართლებლივი ზღვარი რომელსაც ესენი არ გადალახავენ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
სწორედ ამიტომაა საჭირო საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ჩართვა და დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ამ საქმეზე "ოცნების" რეჟიმის ნდობა აღარავის დარჩენია, არც ქვეყნის შიგნით , არც გარეთ.
დღეს უკვე ცხადია: საქართველოს მართავს ძალა, რომლისთვისაც ხალხი მტერია, თავისი მოქალაქეები - სამხედრო სამიზნეები. ეს არის რეჟიმი, რომლის პოლიტიკური გაუვნებელყოფაც არა მხოლოდ დემოკრატიისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არის აუცილებელი - ეს არის ჩვენი და ჩვენი მომავლის ფიზიკური, მენტალური და კოლექტიური უსაფრთხოების, ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს გადარჩენის პირობაც.
