logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: იძულებით ცივილიზებულობიდან სიველურემდე

27 თებ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 

პუტინის დასაქოქმა თოჯინამ მედვედევმა, რომელსაც შლეგად ქცეულმა ბოროტმა პარანოიკმა რამდენიმე წელი პრეზიდენტობაც კი ათამაშა, ევროპის საბჭოს წევრობის შეჩერებაზე რეაქცია 25 სიტყვაში გამოხატა: სანქციებს მითები უწოდა და ევროპიდან გამოპანღურება რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობად გადათარგმნა. ვიმეორებ პუტინი და მედვედევი ბედნიერად მიიჩნევენ თავს, რომ თავისსავე მოქალაქეებს, აწ უკვე კანონიერად დახვრეტენ. კიდევ ერთხელ რომ ავხსნა: რუსეთის პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ამბობს, თუ ევროპული სტრუქტურებიდან გამოგვაგდებთ, მით უკეთესი ჩვენს ველურ არსებას და ბუნებრივ მდგომარეობას დავუბრუნდებითო. ვერაფერს იტყვი, ეს უკვე აშკარა დიაგნოზია.

მსოფლიოს მოთმინების ფიალა კი როგორც იქნა აივსო. რამდენი ქართველი მებრძოლის სისხლი დაიღვარა, რამდენი ქართველი დედა და მამა გამწარდა ამ მოლოდინში. მოლოდინში რომ თავისუფალი სამყარო შეძლებდა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებას და ჩაგრულების დაცვას. რა თქმა უნდა ეს მაშინ უნდა მომხდარიყო როცა რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. მაშინ დასავლეთმა რუსეთს საქართველოში ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა არ მისცა, ქვეყანას ფინანსურად დაეხმარა, მაგრამ უზარმაზარი რესურსების მქონე სახელმწიფოს მეთაურს პოლიტიკური კრედიტი მაინც გაუხანგრძლივა. ვაშინგტონსა და ბრუსელში აგერ სულ ბოლო თვეებამდე შეინარჩუნეს იმედი რომ რაციონალური აზრი მოსკოვში მაინც გაიმარჯვებდა.

პუტინი არც პირველი და ალბათ არც უკანასკნელი ლიდერი იქნება, რომელსაც თავი - თავის მოგიჟიანებით, ძალის გადამეტებული დემონსტრაციითა და მეზობლების პერიოდული ჩაგვრით გააქვს. სამწუხაროდ, ცივილიზებულ მსოფლიოს ეს მოუთმენია. დასავლეთი - ეს ხომ უზარმაზარი, ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი აზრების ერთობაა, სადაც მთავრობების უპირატესი ვალდებულება საზოგადოების აზრის მოსმენა და გათვალისწინებაა. ეს კი სწრაფ მობილიზებას, მით უმეტეს აგრესიულ მოქმედებებს ართულებს. ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - კონსენსუსი მიღწეულია: პუტინი დიქტატორია, რომელიც უნდა დამარცხდეს როგორც  პოლიტიკურ ასევე სამხედრო და ეკონომიკურ ფრონტებზე. პუტინი მარტოა, მსოფლიოს სხვა ავტორიტარ მმართველებს მასთან ერთად ბრძოლის სურვილი არ აქვთ და ნეიტრალური პოზიციებით ცდილობენ თავის შორს დაჭერას.

ჩვენ ვხედავთ დასავლეთის უპრეცედენტო, ცივი ომის დროისთვისაც კი გასაკვირ ერთიანობასა და სიმტკიცეს. ამერიკაში ორპარტიული კონსენსუსია, გერმანიაში პოლიტიკური გადატრიალება ხდება, რომელიც გუშინდელ დღედ აქცევს ოსტპოლიტიკას და მთლიანად ცვლის ამ ქვეყნის საგარეო მიმართებას. პუტინი ერთი მეორეს მიყოლებით კარგავს მოკავშირეებს როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ ევროპაში. 

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ბირთვული ვუწოდოთ -  640 მილიარდიანი ბალიში რომელიც პუტინს თავზეხელაღებისა და თამამი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევდა, დაბლოკილია. რუსეთი თავის რეზერვების დიდ ნაწილს ვეღარ გამოიყენებს. პროგნოზირებაც კი რთულია როგორი იქნება ხვალინდელი, 28 თებერვლის დილა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე. 90-იანი წლების შოკური თერაპიისა და 1998 წლის დეფოლტის შემდეგ, რუსულ ოჯახებს ახლა უკვე არნახული კრიზისის ფონზე მოუწევთ საკუთარი შვილების უკრაინელების წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე გაგზავნა.

წლების განმავლობაში დასავლეთის გაუბედავი თუ შენელებული მოქმედებებით გაღიზიანებული ადამიანები დღეს ბუნებრივია კმაყოფილებას განიცდიან იმით, რომ პუტინის რუსეთს ჩადენილი ბოროტებისთვის სასჯელი არ აცდება, თუმცა იმასაც იაზრებენ, რომ საქმე გვაქვს კუთხეში მიმწყვდეულ მხეცთან, რომელიც, რაც დრო გადის კიდევ უფრო საშიში ხდება. პუტინი, რომელმაც  ისტორიის სათავეში მოქცევა გადაწყვიტა, უკრაინაში მარცხის შემთხვევაში მის სანაგვეზე აღმოჩნდება. ამიტომაც, საკუთარი სახელისა და ავტორიტეტის გადასარჩენად, ის მთელი თავისი რესურსით, შეიარაღებული ძალებით თუ მის მორჩილებაში მყოფი კადიროველების ბანდფორმირებებით, ბევრად დიდ სისულელესა თუ სისასტიკეზეა წამსვლელი, ვიდრე თავად მას რამდენიმე თვის თუ წლის წინ წარმოედგინა.

პუტინის მთავარი პრობლემა კი სწორედ ისაა, რომ დღეს უკვე ყველამ დაიჯერა, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია, რუსეთის ლიდერისგან კარგს აღარაფერს ელიან, მასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს და მანამდე არ მოისვენებს სანამ ყველაფერს არ დაანგრევს რაც ცივილიზებულ სამყაროს შეუქმნია. ჰოდა ეს არის ის, რამაც ერთის მხრივ პუტინი და მისი რეჟიმი სრულად განაიარაღა,  დასავლური სამყაროს ნება კი გამართა და მყარად შეაიარაღა.

პუტინმა თავისი შეშლილი ნაბიჯებით,  მთელ მსოფლიოს გადააალახინა ის ზღვარი, რომელიც მათ თავშეკავებულობისა და თავდაჭერილობისკენ უბიძგებდა. და თუ ვინმე ისევ დარჩა ამ ზღვარს მიღმა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება, ისინი უკვე იმ სიმბოლოებს ემსგავსებიან, რომლებსაც რუსეთის სადაზვერვო რაზმები თუ მათი აგენტურა უკრაინის გზებსა თუ შენობებზე აკეთებენ, იმისთვის, რომ  მსხვილ სამხედრო შენაერთებს საქმე გაუმარტივონ.

ერთი ჩემი მეგობრის ნათქვამისა არ იყოს: - საქართველოს ხელისუფლებას არავინ სთხოვს რომ მტრის ტანკის ლულაში ჯოხი შეყოს და ომი წამოიწყოს, მაგრამ მსოფლიოს დასანახად ამ ლულის გაპრიალება აშკარად ღირსების შემლახავი და ამ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში არაპრაგმატული საქციელია!


close დახურვა