logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მაფიოზური ლოგიკა

02 ნოე 202221:07
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ნიკა გვარამია კი ციხეში... შესაძლოა, ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ მილიარდერი კეთილ ნებას გამოიჩენდა, ან მოსამართლე სისტემას აუმხედრდებოდა, ან უბრალოდ სასწაული მოხდებოდა... მაგრამ თუ ცივი გონებით მივუდგებით, ივანიშვილისგან სხვაგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი არ უნდა გვქონოდა და აი, რატომ:

1. ბიძინას 10-წლიანი მმართველობის მთავარი საფირმო ნიშანი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მიტაცებული ინსტიტუტებითა და მძევლად აყვანილი ფიგურებით დასავლეთთან სარფიანად ვაჭრობაა. ამის მაგალითებია მიშელის შეთანხმება და მელიას ციხიდან გამოშვება, ან 8 მარტის შეთანხმება და უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება. ორივე შემთხვევაში მძევლებით ვაჭრობით ივანიშვილმა კრიზისულ პერიოდებში მისთვის მეტ-ნაკლებად სასარგებლო შეთანხმების მიღება მოახერხა, რომლებიც მოგვიანებით ან ნაწილობრივ, ან საერთოდ არ შეასრულა, ძალაუფლება კი შეინარჩუნა.

მილიარდერის ეს ფორმულა აქამდე მუშაობდა. ყოველთვის არსებობდა დასავლეთთან კულუარული, თუ საჯარო მოლაპარაკებების ფორმატები, რისი დახმარებითაც ის მისთვის სასარგებლო შეთანხმებას იღებდა. დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. დასავლეთი კულუარულ მოლაპარაკებას აღარ აწარმოებს. მიმდინარეობს სრულიად ღია პოლიტიკური პროცესი, რომელიც უკიდურესად მკაცრ დეკლარაციებში, 12 პუნქტის შესრულების მოლოდინში და ევროპული ინსტიტუტების მიერ მიღებულ რეზოლუციებში გამოიხატება. ალბათ, ივანიშვილს მიაჩნია, რომ ჯერ არ დამდგარა ის მომენტი, როდესაც კეთილი ნება უნდა გამოავლინოს, რადგან ამისთვის ვერც მიზეზს ხედავს და ვერც სუბიექტს, რომელიც მზადაა მასთან სავაჭროდ.

2. მეორე ფაქტორი, რაც მილიარდერს უკანდახევას აიძულებს, არის მწვავე და მასშტაბური შიდა ზეწოლა, რაც ხელისუფლების შეცდომებზე თუ დანაშაულზე საზოგადოების შეურიგებელ და უკომპრომისო რეაქციაში გამოიხატება. ამის კარგი მაგალითია გავრილოვის ღამე. მილიარდერმა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო, უკან დაიხია და პროპორციული არჩევნების დაპირება გასცა, რომელიც ასევე არ შეასრულა, თუმცა კრიზისი გადააგორა და ძალაუფლება შეინარჩუნა. დღეს ბევრად სერიოზული მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებას ხელისუფლების წინააღმდეგ მწვავე რეაქცია ჰქონდეს, თუმცა აშკარად ვხედავთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ამ შემოდგომაზე, როდესაც ზოგი ცხელ შემოდგომას, ზოგი კი რიგგარეშე არჩევნებისთვის გადამწყვეტ ბრძოლას აანონსებდა, შესამჩნევი არაფერი ხდება, რაც ივანიშვილისთვის არა დისკომფორტის, არამედ კომფორტის ზონას ქმნის და მის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი საორგანიზაციო რესურსის მქონე ნაციონალური მოძრაობა ღრმა კრიზისშია. მისი ლიდერის გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ლოგიკური ახსნის უნარი კი თითქმის აღარავის შერჩა, რაც როგორც პარტიაში, ისე მთლიანად ოპოზიციაში სრულ დაბნეულობას და დეზორიენტაციას იწვევს. ერთადერთი, რაც მილიარდერისთვის სერიოზულ დისკომფორტს ქმნის, მისი ნათესავებისა და გარემოცვის ნაწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა და პერსპექტივაში პირადად მისი დასანქცირების ალბათობის ზრდაა, რაც ცალკე აღებული, საკმარისი სულაც არ არის იმისთვის, რომ ივანიშვილმა უკან დაიხიოს.

3. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ივანიშვილმა გვარამია ციხეში დატოვა, მაფიოზურ-ავტორიტარული რეჟიმების საერთო მახასიათებელია. ისინი ძალის მონოპოლიზაციასა და მის რეგულარულ დემონსტრირებაზე დგანან. მოქმედების შერბილება და დემოკრატიულობანას თამაში რეჟიმის შიდა ვერტიკალის მოშლას და გარე წნეხის პირობებში სისტემის ჩამოშლას იწვევს. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან რაიმე, უფრო რბილი გადაწყვეტილების მიღება, რეჟიმის სისუსტედ იქნებოდა აღქმული. ბიძინას დღევანდელი დომინანტური პოზიცია კი მუდმივად უხეში ძალის დემონსტრირებაზე დგას, რაც, შესაძლოა, ხშირად საღ აზრსაც იყოს მოკლებული, თუმცა მაფიოზის მენტალიტეტის მქონე მმართველის გადასახედიდან ძალაუფლების კონსოლიდაციისა და შენარჩუნების პრიზმაში ერთადერთი სწორი ნაბიჯია.

ივანიშვილი იმ ფაზაშია, როცა ძალაუფლების შენარჩუნება არათუ მთავარ - ერთადერთ ამოცანად ექცა. არ აინტერესებს, რის ფასად მოხდება ეს: ქართული დემოკრატიის განადგურების, ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების თუ მართლმსაჯულების გაბახების გზით. მეტიც, მაფიოზურ სისტემაში დემოკრატიის ნებისმიერი გამოვლინება, იქნება ეს ჯერ კიდევ ცოცხალი მედია, თუ თვითმმართველობა, ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევა. ამიტომაც მიიღებს უკვე ინიცირებულ კანონში ცვლილებას, რომლითაც საკრებულოებს დაასაჭურისებს და ამიტომაც გააგრძელებს კლასიკური ოლიგარქიის ფორმულად ქცეული კვაზიავტორიტარი - მედიაზე, პრიორიტეტულად კი ფორმულაზე და მის დამფუძნებელზე შეტევას საკუთარი ოფისის კანცელარიებად ქცეული სასამართლოთი და პარლამენტით.

ეს არის რეალური სურათი და მოცემულობა... შესაბამისი დასკვნები აქედან პირველ რიგში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გამოიტანოს და ჩამორჩენილი, მაფიოზური სახელმწიფოს იდეის მოწინააღმდეგე საზოგადოებასთან ერთად დროულად ჩამოყალიბდეს, ბრძოლის რა მეთოდებს აირჩევს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა თავისუფლების ჟანგბადისგან დაცლილ ერთ დიდ საპატიმროდ არ გადაიქცეს.


close დახურვა