"საქართველო ევროპაა აზიაში" - მიხელ ჯავახიშვილის მიერ უბის წიგნაკში ჩანიშნულ ამ ფრაზაშია ჩატეული საქართველოს უახლესი ისტორიის ძირითადი ტრაექტორიაც და ქვეყნისა თუ საზოგადოების მთავარი მენტალური თუ მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობა, სადაც აზიური და ევროპული კომპონენტები გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს.
ასე მოხდა გასული საუკუნის გარიჟრაჟზე, როდესაც ჯერ ევროპულმა კომპონენტმა გაიმარჯვა, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სათავეში ევროპისკენ მომზირალი პოლიტიკური კლასი მოვიდა, რაც თვითთმმართევლობის გაძლიერებაში, ქალების და ზოგადად ადამიანის უფლებების პრიორიტეტიზაციაში, ეკონომიკის გახსნილობაში, ევროპული ტიპის განათლების სისტემის ჩამოყალიბებასა და კიდევ სხვა ბევრ დასავლურ რეფორმაში გამოიხატა. სამწუხაროდ, მაშინ ქართული სახელმწიფოს დასავლური განვითარება მოსკოვმა შეაჩერა. აზიურმა კომპონენტმა დაჯაბნა ევროპული, როდესაც რუსმა ბოლშევიკებმა უხეში ძალით განდევნეს საქართველოს დემოკრატიული მთვარობა, სახელმწიფოებრიობა წაგვართვეს და საბჭოთა ტირანიის ნაწილად გვაქციეს.
დღეს ჩვენ კვლავ გვაქვს უნიკალური შანსი და შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველო გახდეს ერთადერთი ქვეყანა არა მარტო კავკასიაში, არამედ აზიის მთელს მომიჯნავე სივრცეში, რომელიც სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და ევროკავშირს შეუერთდება. ამით განსაკუთრებულ როლს, ფუნქციას და რაც მთავარია - სერიოზულ უპირატესობას მოვიპოვებთ და საქართველოს განვითარების პერსპექტივას შეუდარებლად გავზრდით. უპატიებელი დანაშაულია, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში მთვრალებივით ზიგზაგებს ვხაზავთ. ოცნება დასავლეთთან დაპირისპირების სპირალშია შესული და რაც მეტს აქტიურობს, მეტ შეცდომას უშვებს. აშკარად ჩანს, რომ ბოლშევიზმის აზიური კომპონენტი კვლავაც მძლავრობს ევროპულზე.
21 საუკუნის ბოლშევიზმია ის, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ: ერთპიროვნული მმართველობა; დამონებული სახელმწიფო ინსტიტუტები; სამარცხვინო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის რუდიმენტულობაც უკრაინასთნ რუსეთის ომმა საბოლოოდ გააშიშვლა, ივანიშვილის მიერ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შანტაჟი ფულის გამო, შეურაცხყოფები უკრაინელი, ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების მისამართით, სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება, რაც სერიოზულად გვაშორებს ევროპულ პერსპექტივას და უკიდურესად ამცირებს შანსს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შედეგად, თუ საუკუნის წინ რუსეთმა უხეში ძალით წაგვართვა დამოუკიდებლობა და ჩამოგვაშორა ცივილიზებულ დასავლეთს, დღეს საქართველოს მთავრობა საკუთარი ნებით, განცხადებებითა და ქმედებებით აკეთებს ამას. ეს კი, როგორც ღირებულებითი, ისე პრაგმატული თვალსაზრისით სრული წინდაუხედაობა და სიშტერეა, რაც ქვეყანას ბოლომდე უსპობს განვითარების პერსპექტივას.
თავისუფლება, ადამიანის უფლებები, შრომისა და თუ განათლების დასავლური მოდელი და სხვა ევროპული ღირებულებების საქართველოში ბოლომდე დამკვიდრება თუ ვინმეს წაადგება, პირველ რიგში, ისევ ჩვენ და ჩვენს შვილებს. თუმცა, თავისუფლებაზე დაფუძნებულ ღირებულებით ნაწილს რომ თავი დავანებოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას შევხედოთ, დავინახავთ, რომ რეგიონში საქართველოს მთავარი მიმზიდველობა და უპირატესობა, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე აზიური ქვეყნებთან მიმართებაში, სწორედაც რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულობასა და თავისუფლების მაღალ ხარისხში მდგომარეობს. ეს ხალხი საქართველოში იმიტომ ჩამოდის, ფულს ხარჯავს და აბანდებს, რომ ის თავისუფლება, რაც საკუთარ ქვეყნებში არ აქვთ - აქ იპოვონ, ტირანიული შხამისგან თავისუფალი საკუთარი წილი ჟანგბადი შეისუნთქონ, ევროპულ ცივილიზაციას სახლთან ახლოს ეზიარონ. და თუ საქართველო ამ მიმზიდველობას, ანუ თავისუფლების ხარისხსა და ევროპული ქვეყნის სტატუსს დაკარგავს, დაკარგავს ეკონომიკური და სოციალურ განვითარების პერსპექტივასაც.
“ჩვენ თვალს ვადევნებთ ბნელ საათს მსოფლიო ისტორიაში". - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა აზიური ტურნეს დროს უკრაინაზე საუბრისას. საქართველოსთვის ასეთი ბნელი საათი გასული საუკუნის დასაწყიში დამოუკიდებლობის დაკარგვა, ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტა და ბოლშევიკებისა და საბჭოთა ტირანიის გაბატონება იყო, რამაც ჩვენი ერისა და საზოგადოების სასულიერო, სამხედრო, კულტურული, სამეცნიერო თუ პოლიტიკური ელიტის საუკეთესი ნაწილი შეიწირა.
და თუ ამ შანსს დღესაც გავუშვებთ ხელიდან, თუ დღესაც დაჯაბნის აზიური კომპონენტი ევროპულს, და თუ კვლავ მოხდა ცივილიზებული სამყაროსგან ჩვენი იზოლაცია და რუსეთთან მარტო დარჩენა, იგივე საფრთხის წინაშე დავდგებით და ნურავის გონია, რომ გასული საუკუნის დასაწყისი არ შეიძლება განმეორდეს, რადგან ახლა კალენდარზე 21 საუკუნეა. ვისაც ამაში ეჭვი გეპარებათ, ისტორიული მოვლენების თანხვედრილობის მაგალითების სიღრმეში ჩაძირვისკენ არ მოგიწოდებთ, უბრალოდ თქვენი ფანჯრიდან ქუჩაში გადაიხედეთ: ბევრ სლავური გარეგნობის წყვილს და ოჯახებს დაინახავთ, რომელთა უმეტესობაც ან 21-ე საუკუნეში რეინკარნირებულ ფაშისტურ ხროვას გამოექცა უკრაინის ოკუპირებული დასახლებებიდან, ან იმათ, რომელთაც რეპრესიებსა და ტირანიას რუსეთიდან გამოარიდეს თავი. ანუ გამოექცნენ და გამოერიდნენ ზუსტად იმას, რასაც ევროპისგან და ევროპელობისგან დაშორებით, დემოკრატიისადმი სიძულვილით და ზიზღის თესვით, როგორც თავად ის "ბრძენი კაცი" იტყოდა: "ასე ნება-ნება” ვეგუებით კოგნიტური დისონანსის მქონე, დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღმნიშვნელ საქართველოში. ვეგუებით იმას, რომ მინიმუმ ერთი თაობით შეიძლება კვლავ დავკარგოთ შანსი აზიაში ევროპული ერის და სახელმწიფოს ფუნქცია დავიმკვიდროთ და ამით ის მისია შევასრულოთ, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე დაყვანით არა უბრალოდ მეტ თავისუფლებას - ევროპული სტანდარტებით ცხოვრებას უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ნიშნავს.
ბოლშევიზმის მსხვერპლი, ტიციან ტაბიძე წერდა: "გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში, ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს". ამ სიტყვებით ტიციანი ცდილობდა, თავისი თაობის მისია განესაზღვრა, დაენახა საკუთარი თავი და ქვეყანა ამ უნიკალურ მიქსში, რასაც კავკასიაში ცხოვრება ჰქვია. წევრობის კანდიდატობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ზედმეტად პროზაულია, იმასთან, რაზეც ტიციანი წერდა, მაგრამ იქნებ ჩვენი მისიაც ასე უნდა დავინახოთ და ბოლოს და ბოლოს გავარღვიოთ უიმედობისა და უსასოობის ოკეანე.