"ნაძვის ხეო, ნატვრის ხეო, გული ლხენით აგვივსეო. ნუ დაგვღალე, თოვლის ბაბუ, საჩუქრები გვაღირსეო." გივი ჭიჭინაძის ეს პატარა ლექსი ბავშვობაში ყველას გვითქვამს.. ალბათ, თავისი შვილებისგან იმ კაცსაც მოუსმენია - წლების განმავლობაში რომ მთელი ერის მამობას და თოვლის ბაბუობას ეპოტინებოდა, ყველაფერს კარგს ჰპირდებოდა და ბოლოს ლექსის სიტყვებიდან მხოლოდ "დაღლა" და "საჩუქრების მოლოდინი" დაუმახსოვრებია.
შაბათს, ნაძვის ხესთან ის ხალხი იყო შეკრებილი, რომელიც ივანიშვილმა ვერაფრით დაღალა, რომელთათვისაც "საჩუქრად" მხოლოდ ზიზღი, სიძულვილი, ცემა, წამება, გაზი და ფურთხება ემეტება...
არ უყვარს ეს ქვეყანათქო - რბილად ნათქვამი გამომივა - სძულს, იმდენად, რომ მისი თავმოყვარეობის გასათელად საახალწლო ნაძვის ხეზე დასაკიდებელ კლოუნს პრეზიდენტად უნიშნავს.
"თავისიანებიც" სძულს, ადამიანებად, ღვთის სახედ და ხატად შექმნილ, ღირსების მქონე და მოაზროვნე არსებებად არ მიაჩნია. ასე რომ იყოს, წინასწარ არ ეტყოდა - "...დიდი პროვოკაცია და მსხვერპლი იგეგმება და ბავშვებით, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით მოდითო..."
არც არავინ მივიდა.. წლების განმავლობაში, სასულიერო იერარქიის ნაწილის ჩუმი დასტურით, ღმერთის ჩამნაცვლებელ კერპს ან არ ენდნენ, ან ენდნენ, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა და მსხვერპლშეწირვის დაანონსებულ რიტუალში მონაწილეობისთვის საკუთარი შვილები და შვილიშვილები ვერ გაიმეტეს.
ივანიშვილმა თავზეხელაღებული პროვოკატორის ბლეფი ითამაშა და ჩიხში აღმოჩნდა. ეს რაუნდი წააგო არა იმიტომ რომ რამეზე წამსვლელი არაა, ცემაზე, წამებასა და მასშტაბურ სისასტიკეზე თქვა უარი - არა, დაინახა ხალხი, რომელსაც ამის არ ეშინია, ვერ დაინახა მის კერპთაყვანისმცემლად ქცეული ხალხი ვინც ამაზე ყველაფრის, ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით საკუთარი მომავლის ფასად გაჰყვება.. და გაჩერდა, უკან დაიხია.
სუვერენული ქვეყნის პუტინისტურ-დუგინისტური მოდელის მშენებლობას ეს ორი კომპონენტი ჭირდება - პირველი: უტყვი მასა, რომელიც თავისუფლების ყველა ელემენტის წართმევას ეგუება და მეორე:- მზად არის საკუთარი შვილებიც კი ტირანის მანიაკურ ახირებებს შესწიროს.
საქართველო ასეთი არ აღმოჩნდა. ტირანს ქედს არ უხრის, ერთ ნაცემსა და ნაწამებზე, ერთ დაპატიმრებულზე ათი გამოდის, კიდევ უფრო მეტი ბრაზით და შეუპოვრობით. არც საზოგადოების ქოცებად მონათლული ნაწილი აღმოჩნდა პუტინისტი რუსის მსგავსი, რომელიც საკუთარ მომავალს პროვინციელი დიქტატორის სიგიჟის პროექტის საძირკველში ჩააყოლებს.
ბიძინამ სხვა ყველაფერი მოაგვარა - სისტემურად, რაციონალიზმის პრინციპებით რაც მუშაობს: არჩევნები იქნება ეს, ინსტიტუტები, პარტიები, ბიზნესები, მედიები, არასამთავრობოები - ყველაფერი გაანეიტრალა, ან ძალიან დაასუსტა, რადგან თვითონ სრული ირაციონალიზმის ფაზაშია გადასული და მისი ყოველი ნაბიჯი რაციონალიზმის ლოგიკიდან ამოვარდნილი. სისტემებს კი ირაციონალურად მოქმედება არ შეუძლიათ.
მან ირაციონალური ომი გამოუცხადა თავის ხალხს და ხალხის გარდა ყველა დაამარცხა.
ამ ყველასგან რომ აღარავინ დარჩა, ამიტომაც გამოვიდა ფრონტის ხაზზე თავად ხალხი. ირაციონალურად, ქაოტურად მოქმედი და ამავე დროს ჰორიზონტალურ დონეზე თვითორგანიზებული საზოგადოება, რომელსაც ვერაფერს უხერხებს, ვერ აჩერებს, ვერ ანეიტრალებს..
რა თქმა უნდა, მისი პროპაგანდის მანქანით საზოგადოებრივ ,,ქოთანს" სახელურს საიდანაც უნდა იქიდან აწებებს, ხან ნაცებს აკრავს, ახან დასავლეთს, ლიბერალურ ფაშიზმს და ლგბტ-ს, მაგრამ არაფერი შველის.. საზოგადოებრივი პროტესტი არცერთს იკრავს, პროპაგანდისტული სახელური ხელშივე რჩება. პროცესი თავისი გზით მიდის, კიდევ უფრო ზვირთდება.
ბიძინას რეპრესიული ირაციონალიზმი დაეჯახა ქართველი ერის ღირსებას და თვითგადარჩენის "გონიერ ინსტინქტს", რომლის დასაცავადაც ის პერსონალურ დონეზე ირაციონალურად მოქმედებს - არ ეპუება ცემას, წამებას, გაზს, ზამთარში ჭავლს, პატიმრობას და არც ბოროტების და ძალადობის ნორმალიზაციის სიმბოლოდ, გაუპატიურებული პარლამენტის წინ ნაძვის ხის ძალით ანთების მცდელობას დაანონსებულივე მსხვერპლით.
ძალადობის ნაძვის ხის ვერ ანთებით საქართველოს მომავალი განათდა!
ბიძინა დამარცხდა, მაგრამ ამ მარცხის გაფორმებას კიდევ უფრო დიდი ერთიანობა, საზოგადოების რაციონალიზმი და პერსონალური ირაციონალიზმი - ანუ გმირობა დაჭირდება. ასეთი უკვე ბევრი ვნახეთ და მომავალშიც ვნახავთ იმ ხალხისგან, რომელთანაც ივანიშვილს მხოლოდ წარმომავლობა აკავშირებს და რომელთათვისაც შობის სიხარული ნაძვის ხით არ იწყება და მთავრდება, და ეს ზეიმი, ეს დღესასწაული, ამქვეყნიური გაგებით ყველაზე არარაციონალური ადამიანის, თავისუფლების მომნიჭებელი და ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან ზიარებაა!