logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოპოზიციის საარჩევნო გადაფორმატება

23 ივლ 202320:37
3 წუთის საკითხავი
 

ამ კვირამ, გაზაფხულის პოლიტიკური სეზონის დახურვაზე მეტად, შემოდგომის და მომავალი წლის სეზონი უფრო გახსნა. წინასაარჩევნო პოლიტიკური გადაფორმატების რეჟიმი ჩაირთო.

რა განსხვავებაა 2020 და 2024 წლის მოცემულობას შორის?

პირველი - სრულად პროპორციული არჩევნები, როდესაც ხელისუფლებას აღარ აქვს 30 მაჟორიტარული ოლქის ფორა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ვერც 2016 და ვერც 2020 წლებში არჩევნების პროპორციულ ნაწილში ოცნებამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა და ძალაუფლება სწორედაც რომ მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე შეინარჩუნა.

მეორე - 5%-იანი ბარიერი, რომლის გადალახვასაც დღევანდელი მდგომარეობით გარანტირებულად მხოლოდ 2 პარტია, ოცნება და ნაცმოძრაობა ახერხებს.

და მესამე - 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გახდა ბუნებრივი წყალგამყოფი, რამაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ორად გახლიჩა: ოცნება, პრორუსული საგარეო პოლიტიკით, რუსული ტიპის ავტორიტარული მმართველობითა და სუვერენიტეტ დაკარგული ქვეყნით და ყველა დანარჩენი დაჩქარებული ევროატლანტიკური პოლიტიკური კურსით, და დასავლური ტიპის სამართლიანობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოთი.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ივანიშვილის ოცნების დასამარცხებლად ოპოზიციას 2 მთავარი მიზნის მიღწევა სჭირდება: პირველი, ტრადიციული ოპოზიცია არჩევნებზე იმგვარი კონფიგურაციით გავიდეს, რომ მაღალი ბარიერის გამო არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. და მეორე, მოხდეს ოცნების ფესვებიდან ამოზრდილი, ან მათი ელექტორატისთვის მისაღები პოლიტიკური ძალებისა თუ ფიგურების გააქტიურება, გაძლიერება და 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსის მქონე ერთ, ან ორ სუბიექტად ჩამოყალიბება, რომლებიც სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ოპონირებასთან ერთად, მკვეთრ ღირებულებით კონფრონტაციაში იქნებიან ბოლო პერიოდის ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის ღიად ანტიდასავლურ კურსთან. სწორედ ამ სუბიექტებს ექნებათ ოცნების პოლიტიკით გულაცრუებული ამომრჩევლის მიზიდვის რეალური შანსი.

ნაცმოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის მიერ საერთო პლატფორმის შექმნა, ამ ამოცანის მისაღწევად, პრაქტიკულ დონეზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეგვიძლია განვიხილოთ. ეს მართებული გადაწყვეტილებაა ნაცმოძრაობისთვის, იმ ბატალიებისა და რყევების შემდეგ, რაც პარტიამ გამოიარა. ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება აჩვენებს, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ის არამარტო დასტაბილურდა,  ორგანიზაციულად, სტრუქტურულად და ხალხთან კომუნიკაციის თვალსაზრისით გაძლიერდა, არამედ კვლავ რჩება მიზიდულობის ცენტრად, პოლიტიკური მიმღებლობის მაგალითად და ოპოზიციურ ფლანგზე დინამიკის აღმძვრელ ფაქტორად. ასევე პრაგმატულად სწორია სტრატეგია აღმაშენებლის მხრიდან გადადგმული ნაბიჯიც და შეიცავს პასუხისმგებლობის ელემენტსაც. ახალი კოალიციების ფორმირების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, 5-პროცენტიანი ბარიერის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, მათი ხმები უბრალოდ დაიკარგებოდა, მეტიც - უმრავლესობა ოცნების კალათაში აღმოჩნდებოდა. განსხვავებით სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტებისგან, ვაშაძის მხარდამჭერები უმეტესად ნაცმოძრაობის ყოფილი, ან მათდამი ლოიალურად განწყობილი ელექტორატია, ამდენად, როგორც ღირებულებითი, ასევე პრაგმატული მოსაზრებებით, ნაცმოძრაობასთან საერთო პლატფორმის შექმნა სინერგიის მაღალ შანსს ტოვებს, რაც შეიძლება საეჭვო იყოს ლელოს, ან თუნდაც გირჩის მომხრეების განწყობების გათვალისწინებით ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილთან დამოკიდებულების, თუ პროგრამულ პრიორიტეტებში მკვეთრი აცდენის გამო.

ეს ნაბიჯი დადებით გავლენას მოახდენს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზეც, რომლებიც აშკარად ფეხს ითრევენ მსგავსი პროცესის ლოგიკურ წერტილამდე მისაყვანად. შესაძლოა მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა თუ ამ პარტიების მოსახლეობასთან წვდომის  შეზღუდულ რესურსს გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი პირიქითაა.

ნაცმოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა საერთო პლატფორმის შექმნით საარჩევნო წამმზომი ჩართეს, ბუნდოვანება გააქრეს, დაუსაბუთებელი მოლოდინები მოსპეს და ოპოზიციური საარჩევნო ველის კრისტალიზაცია დააჩქარეს, რითაც ლელოს, გირჩს, დროას თუ სხვა პარტიებს პირდაპირ უბიძგეს რეალისტურად შეხედონ საკუთარ შესაძლებლობებს, გაითვალისწინონ წინა არჩევნების შედეგები, ახალი მოცემულობა, კონსოლიდირდნენ და დროულად ჩამოაყალიბონ პოლიტიკური ცენტრები, რომელთაც ბარიერის მიღმა დარჩენის საფრთხე არ დაემუქრებათ.

ამოცანის მისაღწევად, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, ოპოზიციის მხრიდან ოცნებაზე გულაცრუებული მხარდამჭერების მოზიდვა და გააქტიურებაა. ისინი ბუნებრივია არც ნაცმოძრაობას და არც მასთან ახლოს მდგომ პარტიებს ხმას არ მისცემენ. ამისთვის საჭიროა გახარიას პოლიტიკური ძალის გაძლიერება და სხვა ისეთი გაერთიანებების შექმნა, რომლებიც ოცნების წიაღიდან გამოსული, თუ მათი ელექტორატისთვის მისაღები ცნობილი სახეებით იქნება დაკომპლექტებული. ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, ეკა ბესელია, ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე, თუ საერთოდაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიშას ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დაბრუნების საფრთხის გამო ვითარების სრული პოლარიზება დღეს უკვე ნაკლებად მოსალოდნელია, რაც 2021 წელს, სააკაშვილის ჩამოსვლით გამოწვეულმა მოულოდნელობის ეფექტმა გაამძაფრა და გახარიას - ხმების საკმაოდ დიდი ნაწილი დააკარგვინა. პატიმარი სააკაშვილი დღეს ისე "საშიშად" აღარ გამოიყურება, მის ერთპიროვნულად, ან ერთპარტიულად ხელისუფლებაში დაბრუნებას კი სწორედ ოცნების ელექტორალურ ფლანგზე მსხვილი მოთამაშეების გამოჩენა გაანეიტრალებს, რის გამოც ამ სუბიექტებს უფრო თამამად და მეტი ენთუზიაზმით დაუჭერენ მხარს ივანიშვილზე გულაცრუებული, თუმცა ნაცმოძრაობის მოშიში მოქალაქეები.

ცალკე საკითხია შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტია, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს ვინმესთან გაერთიანებას და რომელსაც აშკარად აქვს ელექტორალური ბაზა მიზნის მისაღწევად, თუმცა მის პრობლემას, ტრადიციულად, საარჩევნო კამპანიის ცხელი ფაზა და ხმების დაცვა წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი და მკვეთრად გამოკვეთილი მემარცხენე პოლიტიკური ძალის არსებობა, ივანიშვილის დასამარცხებლად, სასარგებლო და შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორიც კი იყოს, რადგან სწორედ ნათელაშვილს აქვს ქართული ოცნების სოციალურად მოწყვლადი ამომრჩევლის მიმხრობის მეტი შანსი, რომელმაც თავის დროზე, სწორედ სოციალური დაპირებების გამო მისცა ხმა მილიარდერს. შედეგად კი მეტი სიღატაკე და მდიდრებსა და ღარიბებს შორის გაზრდილი უფსკრული მიიღო.

რომ შევაჯამოთ: რუსული რეჟიმის არჩევნებში დასამარცხებლად  ოპოზიციის მთავარი ამოცანაა - ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმები მანდატებში უდანაკარგოდ გადაითარგმნოს.

ივანიშვილს პოლიტ-ტექნოლოგიური სვლების რესურსი აქვს, თუმცა საკმაოდ შეზღუდული: მისი რესურსია ღიად დეკლარირებული რუსული და ფსევდო კონსერვატორული ძალების ხელშეწყობა ბარიერის დასაძლევად და არჩევნების შემდგომი კოალიციის ფორმირებისთვის აუცილებელი მანდატების დასარეზერვებლად. თუმცა აქ 2 პრობლემა უდგას: 1) ეს ფაქტობრივად მისი, ანუ უკვე რუსული ოცნების ხმებია და მისი მოედნიდან თუნდაც დროებით გადადენა ოცნებისვე საარჩევნო შედეგს შეამცირებს და 2) დეკლარირებულ რუსებთან და რადიკალ-ექსტრემისტებთან კოალიცია ოცნებას პირდაპირ მოსკოვურ მთავრობად აქცევს და ამ კონფიგურაციაში ივანიშვილი დარჩება მთავარ პარტნიორად, თუ მორგოშია, თავისი ლუბიანკელი პატრონებით - კიდევ საკითხავია. ივანიშვილს მარაგში აქვს მეორე პოლიტ-ტექნოლოგიური სვლაც: რესურსების ინვესტირება იმ სუბიექტებში, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციონირებენ, თუმცა ოცნებასთან კოალიციაში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ და არც ივანიშვილის რუსულ თამაშს აღიქვამენ დრამატულ პრობლემად. ასეთებისთვის ნაცმოძრაობის მონაწილეობით კოალიციაში ყოფნის პერსპექტივა ცუდს და უარესს შორის არჩევანის გაკეთების არგუმენტად გამოდგება, უმცროსი კოალიციური პარტნიორის ამპლუა არც ამბიციას შეულახავთ და კონსტრუქციულობის იმ მოჩვენებით იმიჯშიც ჩაჯდებიან, რომელსაც წლებია თავადვე ირგებენ, მათ შორის დასავლეთის არათანმიმდევრული პოლიტიკის დამსახურებით.

ამ სურათში უამრავი დეტალია, რომელიც აქ არ მიხსენებია, თუმცა არის რამდენიმე ცვლადი, რომელმაც განმსაზღვრელი გავლენა შეიძლება მოახდინოს პროცესზე. ასეთია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბედი და უკრაინაში ომის ფინალი. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული კამპანია გველის, სადაც - გამოვიყენოთ ეს სიტყვა - "ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს" და საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ გამრუსებელი ოცნების მოწინააღმდეგე ამომრჩეველს სერიოზული დაფიქრება, გონიერება და გაბედულება დაჭირდება, რომ ჩვენს მომავალს პერსპექტივა არ დაეკარგოს და საქართველო - რუსების ახდენილ ოცნებად არ იქცეს.


close დახურვა