მხოლოდ ბოლო 24 საათის ახალი ამბების ქრონოლოგიაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ - რას წარმოადგენს დღეს საქართველოს ხელისუფლება. ქურდულად შემოცურებული კენჭისყრის შედეგად, ვენეციის კომისიის მკაფიო რეკომენდაციებზე დემონსტრაციული უარი გაფორმდა; საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაჟინებული რჩევის მიუხედავად, რომ ეროვნული ბანკის ავტონომიურობის ხარისხი მინიმალურ დონეზე მაინც შეენარჩუნებინათ, საპარლამენტო უმრავლესობამ დემონსტრაციულად გადალახა პრეზიდენტის ვეტო, რითაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტის ავტორიტეტი დარტყმის ქვეშ დააყენა; იმავე დღეს, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო მსოფლიოში ამერიკის სიმბოლოს - კომპანია კოკა-კოლას წინააღმდეგ, პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე პერსონალურად აკრიტიკებს ამერიკის ელჩს და მას რადიკალი ექსტრემისტების წამქეზებლის სტატუსს აკრავს. და ეს ყველაფერი ხდება ქვეყნის პრემიერის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე.
ამ და კიდევ არაერთი ნაბიჯის გამო, რომელიც გასული კვირის, თუ თვის განმავლობაში, ივანიშვილის მთავრობამ გადადგა, თუკი ვინმეს ორიენტაციის გაურკვევლობაზე აღარ შეიძლება ლაპარაკი, ეს საქართველოს ხელისუფლებაა. და თუ აქ ვინმეს კიდევ რამეში ეჭვი ეპარება, არა გულუბრყვილობას, არამედ ინტელექტის სერიოზულ დეფიციტს უნდა მივაწეროთ.
ქვეტექსტების გაშიფვრა და რთული ლოგიკური სავარჯიშოების ამოხსნა რომ არ ყოფილიყო საჭირო, ივანიშვილის ხელისუფლებამ კალაძის პირით, ზედმიწევნით მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიციაც და ორიენტაციაც: "გულწრფელად რომ გითხრათ, დასავლეთის აზრი საერთოდ არ მაინტერესებსო" - გვითხრა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
აი, ვისი აზრი და განწყობაც აინტერესებთ და ვის შექებაზეც სიამოვნების ჟრუანტელი უვლით, ყველასთვის ნათელია, ვინც დასავლეთის ლანძღვისას, ოცნების მოლაპარაკე თავების გულწრფელ ენთუზიაზმს აკვირდება და პარალელურად, ამჩნევს არცთუ ფრთხილად გამოხატულ სიმპათიას და პიეტეტს, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების ნებისმიერ ხსენებას უკავშირდება, ეს თანდაყოლილი ენდემური პოლიტიკური მიზიდულობაა, თუ ზოგიერთის მიერ რუსეთისადმი შეძენილი მიჯნურობა "შიში შეიქმს სიყვარულსა" პრინციპით - დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ოცნების დაჩქარებული ანტიდასავლური ნაბიჯები დასავლეთის მხრიდანვე წამოსული, ასევე უკიდურესად მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი გზავნილების პასუხია. ვენეციის კომისიის დასკვნა, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებული ევროკომისიის განცხადება, კანცლერ შოლცის "მამაშვილური დარიგება" და კონკრეტული დროის ათვლა, ევროპარლამენტარებისა და კომისიის წარმომადგენლების უმკაცრესი პოზიცია, პირდაპირი დასტურია, რომ ევროკავშირი თვალს არაფერზე დახუჭავს, საქართველოს ხელისუფლების თვალთმაქცობას 12 პუნქტთან მიმართებაში პროგრესად ვერ შეაფასებს და ასეთი დინამიკის შემთხვევაში სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდს 2024 წლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსის გარეშე მოუწევს გასვლა. სწორედ ამიტომ მიდის ოცნების ხელისუფლება დასავლეთთან და მოსახლეობის პროევროპულ ნაწილთან უფრო მკვეთრ კონფრონტაციაზე. რუსულ თარგზე მოჭრილი, ბინძური და ყოვლისმომცველი ანტიდასავლური პროპაგანდით კი ცდილობს, საკუთარ ამომრჩეველს, მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებული, პროდასავლურად გაწყობილი ადამიანების ნაწილს, საპატრიარქოს მიერ ნაკურთხი ერთგვარი იდეოლოგიური ნიადაგი შეაშველოს იმისთვის, რომ მათ სინამდვილეში კონფორმისტული მოტივაციით ნაკარნახევი ხელისუფლების მხარდაჭერა გაამართლებინოს.
ოცნების ხელისუფლებამ საბოლოოდ, ღიად და ნათლად გამოკვეთა საკუთარი ორიენტაციაც და საარჩევნო სტრატეგიაც. ახლა მთავარია, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომლის ორიენტაციაშიც ჩვენ მართალია ეჭვი არ გვეპარება, თუმცა სტრატეგიის მკაფიოობასთან და თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, ამ მომენტისთვის აშკარად სერიოზული პრობლემები გვაქვს. არადა, კრიტიკულ ფაზაში შევდივართ და ეროვნული, პროდასავლური საზოგადოების, ანუ ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ორგანიზებულობა და ფორმაში ყოფნა ისტორიული პასუხისმგებლობის საგანია.
ქვეყნის საგარეო კურსით მოვაჭრეებს, კორუმპირებულებს, მეგობრის უბედურებაზე მტერთან ფულის მკეთებელ პარაზიტებს ვუტოვებთ მიტაცებულ ქვეყანას, თუ იმის იმედზე ვრჩებით, რომ ევროპა მაინც არ გაგვწირავს და როგორც გერმანიის უსაფრთხოების დღეს გამოქვეყნებულ სტრატეგიაში წერია: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ, მოგვიანებით საქართველოსაც გაგვიხსენებენ, ქვეყანას, რომელიც ოდესღაც თავად იყო აღმოსავლეთში ევროპულობის ჩემპიონი, ახლა კი კულტურულობის და ცივილიზებულობის მინიმალურ ჩვევებს მოკლებული რუსების მარიონეტების სათარეშო ტერიტორიაა.