logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნება კარანტინში

30 აპრ 202320:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილს კატეგორიულ "არას" ეუბნება. ამის თქმის საფუძველს IRI-ის კვლევის ის დაფარული ნაწილი მაძლევს, რომლის შესახებაც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი: გამოკითხულთა 66%-ს აღარ სურს ივანიშვილის პოლიტიკაში ხილვა, მხოლოდ 23% ემხრობა მის დაბრუნებას პოლიტიკურ ავანსცენაზე, 11%-მა კი ან არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ივანიშვილის ამ 23%-იანი მხარდაჭერის შემცირებული ვერსიაა ოცნების 19%, რაც პარტიისთვის ისტორიული მინიმუმია.

როდესაც მოსახლეობის 90% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, 87% კი რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს, აშკარაა რომ იმ 19%-ის დიდი ნაწილიც სრულ იდეოლოგიურ კოლიზიაში მოდის ოცნების პრორუსულ პოლიტიკასთან, თუმცა ფაქტია, რომ ისინი კვლავაც მმართველი ძალის მხარდამჭერებად რჩებიან. თითქოს ყველაფერი მზადაა საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოცნება მყარად ინარჩუნებს ძალაუფლებაზე კონტროლს.

რა წარმოადგენს არჩევნებში ოპოზიციის კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გამარჯვების და უპირობო უპირატესობის მოპოვების ხელისშემშლელ ფაქტორებს? ამავე კვლევით ჩანს, რომ დღემდე უფრო მეტ ადამიანს ეშინია ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების, ვიდრე ოცნების დარჩენის, და ისიც, რომ ამ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ფინანსური თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტზე, ანუ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომლის ცვლილებასაც საკუთარი ოჯახების ფინანსური სტაბილურობის საფრთხედ აღიქვამს. მათი აბსოლუტური უმეტესობა ე.წ. ადმინისტრაციული რესურსია. გამოკითხულთა 39% ნაცმოძრაობას ხმას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემს. ოცნების ანალოგიური მაჩვენებელი კი 5 პროცენტით ნაკლებია. ამ ციფრებიდან ოპოზიციამ, კერძოდ კი ნაციონალურმა მოძრაობამ დასკვნები უნდა გამოიტანოს და თვალი გაუსწოროს რეალობას: ცალკე აღებული, ის ოცნების დამარცხებას ვერ შეძლებს. ამდენად, თავად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესებშია, მისი ელექტორალური ბაზის მიღმა მოთამაშე პროდასავლური ოპოზიცია მოძლიერდეს და კოალიციური მზაობის რამდენიმე სოლიდურ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს - რაც, იმის გარანტი იქნება, რომ ოცნების მარცხის შემთხვევაში, ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დამოუკიდებლად ვერ მოვა, კოალიციურ მთავრობაში კი მას ძლიერი დამაბალანსებლები პარტნიორებისთვის მოუწევს ანგარიშის გაწევა. ამით განეიტრალდება, მინიმუმ განელდება ის შიში, რომელიც ოცნებაზე გულაცრუებულ, ცვლილებების მოსურნე, შედარებით ნეიტრალურად განწყობილ, თუ გაპასიურებულ ამომრჩეველში სხვადასხვა მიზეზის გამო აშკარად არსებობს.

ამომრჩევლის ამ კატეგორიისთვის მნიშვნელოვანი მეორე გადამწყვეტი ფაქტორი, როგორც უკვე ვთქვით სოციალური სტაბილურობა, საჯარო სექტორის მდგრადობა და მათ შორის ფინანსური სიმყარეა.

ოპოზიციის მხრიდან მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად წარმოადგინონ გეგმა და გასცენ დამაჯერებელი გარანტიები, რომლის მიხედვითაც, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეები, საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლები არამხოლოდ შეინარჩუნებენ საკუთარ პოზიციებს, არამედ უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როგორც ფინანსურად, ისე სტაბილურობის თვალსაზრისით. მძლავრი პროდასავლური კოალიციური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საგრძნობლად დაჩქარდება, რაც ავტომატურად მათი კეთილდღეობისა და შემოსავლის ზრდის წინაპირობა იქნება. IRI-კვლევის დაფარული ნაწილი ასევე გვიჩვენებს, რომ ოცნების მხარდამჭერთა მინიმუმ 70 პროცენტისთვის რუსეთი კატეგორიულად მიუღებელია. მმართველი გუნდი ხედავს, რომ თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი პროდასავლურ ძალად პოზიციონირება და წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. თუმცა, მაშინ როცა ოცნებას ბოლო დასაყრდენად ზიზღსა და სიძულვილზე მობილიზებული ადამიანები დარჩა, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს წარსულში ჩარჩენილი ოდიოზური ფიგურების საშუალებით ებრძვიან, ძალიან საეჭვოა, რომ თუნდაც ამ სახეცვლილებამ რამე შედეგი მოუტანოს.

აქვე არსებობს კვლავ "გაევროპელების" შეუძლებლობისთვის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზიც… მარტვილში ცოფიანმა ძაღლმა 22 ადამიანი დაკბინა, ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. ქართული ოცნება უკვე კარგა ხანია რუსული ცოფითაა ავად. ავადმყოფობის მცირე სიმპტომები ადრეც ჩანდა, თუმცა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ეს რთულად დასაჯერებელი იყო მანამ, ვიდრე მმართველმა ძალამ "რუსული კანონი" არ მიიღო, რაც უკვე დასავლეთმაც "რუსული ცოფის" უტყუარ სიმპტომად აღიქვა. ამას დაემატა "სოციალისტი" ღარიბაშვილის ორბანთან და ულტრა-მემარჯვენე, მოფაშისტო რადიკალებთან ფლირტი. ევროპის დედაქალაქებში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ქართული ოცნება ისეთი საშიში ვირუსული ინფექციის მატარებელია, რომ ოჯახში არ შეიშვება და სადაც არის, ანუ ევროპული პარტიული ოჯახიდან სასწრაფოდ უნდა მოიკვეთოს და კარანტინში მოხვდეს.

მოკლედ ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ევროპული გაერთიანებები ივანიშვილის ოცნებას პოლიტიკურ კარანტინში აქცევენ, რაც მარტივად ნიშნავს შემდეგს - ამ ძალის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველოს არ აქვს ევროპული მომავალი, ისევე როგორც ოცნებას პერსპექტივა ხელისუფლების შენარჩუნების!


close დახურვა