logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნება მემარცხენე დილემის წინაშე

24 იან 202421:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/5t65qq9l1p7p1ho.jpg

ეს ახალგაზრდები და მათი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა მკვეთრად გამოხატული მემარცხენე იდეოლოგიის ჯგუფების წევრები არიან და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაჩაგრული ნაწილის ხმას გამოხატავენ. მათთან დაპირისპირება და მოთოკვა კი ხელისუფლებისთვის და ძალოვანი სისტემისთვის უკიდურესად რთული და პრობლემების შემცველი იქნება. თუ რატომ, ამასაც გეტყვით კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური სურათის კონტექსტში:

რადიკალიზმთან და ექსტრემიზმთან თამაში ოცნების ხელისუფლებისთვის უცხო ხილი არ არის. მეტიც, საქართველოში მემარჯვენე ექსტრემიზმის არათუ წამახალისებელი, არამედ მთავარი კულტივატორიც სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია. ქართულ პოლიტიკაში ჩახედულ არც ერთ ადამიანს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ალტ-ინფოს, თუ რომელიმე მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფების უკან ოცნების მთავრობა და ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურები დგანან. მათი ლიდერებისა თუ წევრების ქმედებებს კი სუსი აკოორდინირებს და აკონტროლებს. ძალიან ხშირად, ამ ტიპის ულტრამემარჯვენე რადიკალები, საეჭვოდ ზუსტად ჯდებიან საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტ-ტექონოლგიურ თამაშებში, იყენებენ რა მათ დასავლეთის დემონიზების, თუ ცალკეული არამარტო მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაციისთვის, მედიის და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დაშინების კამპანიისთვის. ეს ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, ან საერთოდ დაუსჯელები რჩებიან, ან მათი სასჯელი იმდენად სიმბოლურია, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს. ისინი ხშირად თავს ესხმიან და არბევენ კერძო საკუთრებას, რისი ბოლო თვალსაჩინო მაგალითიც ზაფხულში, ლისის ტბაზე გასამართ ღონისძიებაზე განხორციელებული ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმაა, სადაც დიდი ოდენობით კერძო საკუთრება განადგურდა, ან დაიტაცეს. ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა დასჯილი დამნაშავე ჯერ არავის უნახავს. რაც იმის საუკეთესო დასტურია, რომ ეს ჯგუფები საქართველოს ხელისუფლების მფარველობის ქვეშ არიან, ხშირად მათი დავალებით მოქმედებენ და ოცნების ხელში ქვეყანაში პროცესების მანიპულირების მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენენ.

აი, მემარცხენე ექსტრემიზმი კი სერიოზული პრობლემაა, რომელთან მიმართებაშიც ხელისუფლებას პოლიტიკის ჩამოყალიბება ძალიან უჭირს და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის მემარცხენე ახალგაზრდული დაჯგუფებები, ხშირად არა მხოლოდ სახელისუფლებო, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ხედვებისა თუ პოლიტიკისადმი მკვეთრად კრიტიკულები არიან, მათი ძირითადი სამიზნე მაინც არსებული სახელმწიფო, საბანკო-ფინანსური თუ ეკონომიკური სისტემების წინააღმდეგაა მიმართული. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე და სხვა გამოსახლებებთან მიმართებაში მემარცხენე ჯგუფების აქტიური სოლიდარობის აქტი, როდესაც მათ არამარტო კონკრეტული ოჯახის გამოსახლება გააპროტესტეს, არამედ აქტიურ ფიზიკურ წინააღმდეგობაში, მეტიც, დაპირისპირებაში შევიდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და დააზიანეს აღსრულების ბიუროს, ანუ სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილი.

ცალკე აღებული მათი არსებობა, შესაძლოა, აქამდე დიდად არც შესამჩნევი იყო, ან შემაწუხებელი ხელისუფლებისთვის. მაგრამ ახალი მოცემულობით მათთვის საკმაოდ სახიფათო სინერგიის წინაპირობა იქმნება. გვაქვს ვითარება, როდესაც არსებულ მემარცხენე ახალგაზრდულ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც პროტესტის უკიდურეს ფორმებზე არიან წამსვლელები, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მმართველობით და ფინანსურ სისტემებთან. მეორე მხრივ, კი გვყავს, შესაძლოა, პოლიტიკურად ნეიტრალური, თუმცა უკიდურესობამდე მისული სოციალური ჯგუფების ჭარბი რაოდენობა - საუბარია მევახშეების ვალში ჩავარდნილ თუ საბანკო კრედიტების მქონე ადამიანებსა და ოჯახებზე, გამოსახლების პირას მყოფ, ან საკუთრებიდან უკვე გამოსახლებულ ხალხზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უსამართლოდ ჩაგრავენ და პირდაპირი გაგებით დასაკარგი აღარაფერი აქვთ - და რომელთაც მკვეთრი სოციალური პროტესტის სურვილი უჩნდებათ. ასეთი ადამიანების რაოდენობა საქართველოში არცთუ ისე ცოტაა და მათმა კონსოლიდირებამ და პროტესტის ერთობლივი და კარგად ორგანიზებული ფორმით გამოხატვამ, შესაძლოა, ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნას ოცნების ხელისუფლებას, რომელსაც მარტის მოვლენებს თუ არ ჩავთვლით, პროტესტის ასეთი რადიკალური ფორმები დღემდე არ უნახავს.

სწორედ მარტის მოვლენებისას, სიმძაფრით მსგავსი დაპირისპირების შემდგომში პრევენციისთვის სჯის ხელისუფლება ასე მკაცრად და უსამართლოდ ლაზარე გრიგორიადისს. არადა, ის მძიმე მუხლი, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევისა და სახელმწიფო ქონების დაზიანების გამო დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ემუქრებათ, თითქმის იდენტურია ლაზარეს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების, რომელიც მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანუ, ხელისუფლება აწყდება დილემას: მან ან ისევე მკაცრად უნდა დასაჯოს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გამწევი პირები, როგორც ამას ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აკეთებს, რაც მემარცხენე ჯგუფების რადიკალიზმს კიდევ უფრო გაზრდის; ან არ შეიმჩნიოს და მოიქცეს ისე, როგორც თუნდაც საკუთარი მარიონეტი მემარჯვენე რადიკალების ქმედებების საპასუხოდ იქცევა. ამ შემთხვევაში, მემარცხენე აქტივისტები ჩათვლიან, რომ სისტემას უკან დაახევინეს და მათივე პროტესტის გაფართოებას წაახალისებს, რაც თავად ოცნებას კარგს არაფერს უქადის, რადგან სოციალური უფსკრული, სახელისუფლებო ჯგუფების ფუფუნების ფონზე, სულ უფრო გამაღიზიანებელი ხდება, ხოლო დოვლათის გადანაწილების უსამართლობის შეგრძნება სულ უფრო მძაფრი.

ამ დღეებში მიმდინარე გამოსახლებები უპირველეს ყოვლისა უმძიმესი ადამიანური და ოჯახური დრამაა, რომელში არათუ მონაწილეობა, მისადმი თვალის დევნებაც კი საზოგადოების მორალურ და ფსიქიკურ საყრდენებს არყევს. ამავე დროს, ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-სამართლებრივი ტესტი, რომლის ჩაბარებაც უთუოდ მოუწევს ხელისუფლებას, რომელიც მის მიერვე დანთებულ ორ ცეცხლს შუაა, და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამ პროცესიდან სერიოზული ზიანის გარეშე ვერ გამოვა.


close დახურვა