logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნების საბოტაჟი

19 აპრ 202321:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/19/8w8floh87x8ut5y.png

ზედიზედ მეორე დღეა, ოცნება პარლამენტს პროტესტს უცხადებს, რეგისტრაციას არ გადის, ანუ საბოტაჟს აწყობს.

ოცნება პროტესტს უცხადებს პარლამენტარიზმს, უმრავლესობისა და უმცირესობის დემოკრატიული თანაცხოვრების იდეას.

ოცნება პროტესტს უცხადებს ცივილიზებული სამყაროს ძალაუფლების დანაწილების, ურთიერთკონტროლისა და შეკავების პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას.

ოცნება პროტესტს უცხადებს დასავლეთს. ბრალს სდებს დემოკრატიული და სამართლებრივი საფუძვლების შერყევის მცდელობაში.

ოცნება პროტესტს უცხადებს აგრესიის მსხვერპლ მეომარ უკრაინას - როგორ ვერ იგებენ, რომ ამ ომის შედეგებზე პარაზიტირება კეთილშობილური საქციელიაო.

ოცნება პროტესტს უცხადებს გმირებს, მათი თავდადების ფონზე მტერთან კოლაბორაციონიზმი კიდევ უფრო სამარცხვინოდ ჩანს.

ოცნება პროტესტს უცხადებს ახალგაზრდებს, თითქმის დალაგებული "რუსული სამოთხის" არევისა და ჭაობის სტატუსკვოსთან შეუგუებლობისთვის.

ოცნება პროტესტს უცხადებს მედიას. სახელმწიფო ბიუჯეტზე მოსუქებულ პარაზიტებზე ინფორმაცია სადეზინფექციო სხივივით მოქმედებს.

ოცნება პროტესტს უცხადებს შარლ მიშელს და ევროპულობას, მასთან ერთად კონსენსუსის და შეთანხმების წესებს. სამართლიან არჩევნებს, ხელისუფლების მშვიდობიან მონაცვლეობის და საერთოდ - საზოგადოებრივი მშვიდობის იდეას.

ოცნება პროტესტს უცხადებს დამოუკიდებელ სასამართლოს, კლანს მიღმა მართლმსაჯულებას და ყველა ფუნდამენტურ დანაპირებს, რის გამოც ნაცების მმართველობით თავგაბეზრებულმა ამომრჩეველმა მანდატი მისცა.

ოცნება პროტესტს უცხადებს საქართველოს უახლეს წარსულს. იქ ბიძინა არ ჩანს და თუ ჩანს, იმ კვალით, რომელში ჩადებულმა და გაღვივებულმა თესლმაც, მთელი ინსტიტუტების და ადრე სიმართლისთვის ხმალმოღერებული ბევრი ადამიანის სრული პოლარიზება და უკეთეს შემთხვევაში პარალიზება გამოიწვია.

ოცნება პროტესტს უცხადებს საქართველოს მომავალს, თუ ეს მომავალი ნატოს, ევროკავშირს, თავისუფალ საზოგადოებას, დემოკრატიას, დაცულობას, საყოველთაო კეთილდღეობას ნიშნავს.

ოცნება პროტესტს უცხადებს თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს და ყველა იმ ნიშანს, რაც მას შინაარსით ავსებს, უპირველესად კონსტიტუციას, მასში ასახულ ფუნდამენტურ უფლებებს და მათ შორის 50 დეპუტატისთვის კონსტიტუციითვე გარანტირებულ შესაძლებლობას - შექმნას საგამოძიებო კომისია.

მოკლედ რომ ვთქვათ - ოცნება უცხოა ქართული სახელმწიფოსთვის, ოცნება უცხოა ყველა იმ ფასეულობისთვის, რასაც საქართველოს წარსული და მომავალი ღირებულებრივ დონეზე განასახიერებს. ამდენად, სწორია, რომ აპროტესტებს, თვითდესტრუქციას ეს ფაზა კარგიცაა, რადგან სამყაროსთან წინააღმდეგობაში ყოფნა საკუთარ პოლიტიკურ აღსასრულს აახლოებს, და საშიშიცაა, რადგან საკუთარი ქვეყნის, ანუ ქართული სახელმწიფოს საბოტაჟი ბოროტებაა. ასე არის კიდეც განმარტებული ლექსიკონში:

"საბოტაჟი - სამუშაოს შესრულების გარეგნული ფორმების დაცვით, სამუშაოს ბოროტი განზრახვით ჩაშლა".

ოცნების შიშები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. ქართული მართლმსაჯულების სახელით ჩადენილი ბოროტებების სააშკარაოზე გამოტანა მხოლოდ საყოველთაო სიკეთეა. ხოლო პარლამენტში კუკუდამალობანას თამაში, პოლიტიკური უმწიფრობის გარდა, კლანის ჩამოშლის შიშით გამოწვეული ისტერიკა, არა ოპოზიციასთან, არამედ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალთან ოპოზიციაში დგომა და საბოტაჟია.


close დახურვა