logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პოლიტიკური თრომბი

18 თებ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შემდგომი ჯანმრთელობის ისტორიის, რუსულ კოლონიებში პატიმრობის უკიდურესად მძიმე პირობების, 300 დღის ე.წ. “შიზოში”, ანუ საჯარიმო საკანში გატარების, თუ კიდევ არაერთი მიზეზის გამო - მოლოდინი, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა - დიდი იყო. მეტიც, ერთგვარი კონსენსუსიც კი არსებობდა იმაზე, რომ მისი სამშობლოში დაბრუნება პუტინისგან რუსეთის გათავისუფლების იდეისთვის მსხვერპლშეწირვის სრულიად შეგნებული აქტი იყო.

თუმცა, როდესაც ეს მართლა მოხდა, ტრაგიკული ფაქტი და მისი ცინიკური, თავხედური აღსრულება, უკრაინელი ბავშვების და ქალების მასობრივად მხოცველი ტირანის მიერ, მაინც უკიდურესად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა როგორც რუსეთის, ისე დასავლეთისთვის. ახალი ნამდვილად არავისთვისაა, რომ კრემლი ფარული სპეცოპერაციებით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, პუტინისთვის არასასურველ ფიგურებს ანადგურებდა. თუმცა, აქამდე ეს შენიღბული ფორმით, იმგვარად კეთდებოდა, რომ მათში რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი დადანაშაულება რთული ყოფილიყო. ნავალნის სიკვდილს კი, სხვა ყველა მსგავსი შემთხვევისგან ის განასხვავებს, რომ ეს იყო რუსული ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერის, პუტინის პოლიტიკური ოპონენტისა და პირადი პატიმრის განგრძობითი წამებით მოკვდინება, რომელსაც ერთგვარი რიტუალური ფორმა და ხასიათი ჰქონდა. ეს დემონსტრაციული, სასტიკი მკვლელობა კი წარმოადგენს მთავარ და მიზანმიმართულ გზავნილს, როგორც რუსი ხალხის, ისე რუსეთის სამეზობლოსა და დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ არანაირი წესი აღარ არსებობს, რომელსაც პუტინი დაიცავს და არანაირი შემაკავებელი ფაქტორი, რასაც ანგარიშს გაუწევს, რაც აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ თავად პუტინი და მისი რეჟიმი არსებობის და მოქმედების სრულიად ახალ ფაზაშია შესული.

პირველ რიგში ეს არის ახალი გარემოება ცივილიზებული დასავლეთისთვის, რადგან, თუ აქამდე პუტინი, მიუხედავად მასთან ასოცირებული მკვლელობების, ომებისა თუ გენოციდისა, ნაწილობრივ მაინც რჩებოდა რუსეთის ლეგიტიმურ ლიდერად, რაც რაღაც ტიპის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე მასთან მსჯელობის შესაძლებლობას ტოვებდა, ნავალნის ამ ფორმით მკვლელობამ მისი ლეგიტიმაცია გაანულა. დღეს პუტინი ჩვეულებრივი მკვლელია, რომელიც უკან აღარაფერზე იხევს, რაც პირდაპირ და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტების, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დასავლელ ლიდერებს კი უმკაცრესი განცხადებებიდან, არანაკლებ მკაცრ ქმედებებზე და მეტიც, სპეცზომებზე გადასვლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივილიზებული სამყაროს მარცხი გარდაუვალი გახდება.

მაშინ, როდესაც მთელი დემოკრატიული სამყარო პუტინს პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ ირაზმება, საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომლის ხელისუფლებაც სამარცხვინოდ დუმს. ჯერჯერობით, ერთადერთი უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ადეკვატურად გამოეხმაურა მომხდარს, საქართველოს პრეზიდენტია. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სწორედ ასეთი განცხადებების გამოა ქართული ოცნების შეტევის ობიექტი. ამიტომ, არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ნავალნის ციხეში მოკვდინება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, გაიაზროს და გაითავისოს კრემლიდან მომავალი საფრთხის მასშტაბი და მასთან დასაპირისპირებლად ქვეყნის მედეგობა გაზარდოს: ეროვნულ თანხმობაზე იზრუნოს და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში იმოქმედოს. პირიქით, მოსალოდნელია რომ ივანიშვილი აბსოლუტურად საწინააღმდეგო დასკვნებს გამოიტანს, დასავლეთთან დაახლოების საბოტაჟირებას გააგრძელებს და უსიტყვოდ დაემორჩილება პუტინის პოლიტიკურ დღის წესრიგს. რაც ნიშნავს ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტებას; თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისთვის საარსებო სივრცის უფრო მეტად შეზღუდვას; დემოგრაფიულ ჩანაცვლებას; კულტურული იდენტობის ისტორიული ნიშნების შეგნებულ განადგურებას; რუსული აქტივების სამრეცხაოდ და კრემლის უკანა ეზოდ ქვეყნის გადაქცევას.

არ მაქვს იმედი, რომ შიშით დამუნჯებული ოლიგარქი სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ნაბიჯებს გადადგამს. თუმცა, არსებობს საკითხი, რომელსაც მშიშარა და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტებით შეპყრობილმა ადამიანმაც კი რაციონალური თვალით უნდა შეხედოს, რადგან ეს მისივე გადარჩენისთვისაა გადამწყვეტი. ასეთია პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პუტინს პირად მტრად, სულ რამდენიმე ფიგურა ჰყავს მონიშნული და ერთ-ერთი მათგანი მიხეილ სააკაშვილია, ალბათობა იმისა რომ ნავალნის ტრაგიკული ისტორიის ფონზე, მან, არამარტო რუსეთის ციხეში, არამედ სხვა ქვეყნების საპყრობილეებსა თუ ტერიტორიებზეც სცადოს იგივე, მხოლოდ იზრდება.

საქართველოს ხელისუფლების რესურსი პროცესი აკონტროლოს უკიდურესად დასუსტებულია - ქვეყანა და სახელმწიფო სტრუქტურები რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებითაა გაჯერებული. ამიტომ, თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ სააკაშვილი აღარ იმყოფებოდეს იმ სივრცესა და გარემოში, სადაც ნებისმიერი შემთხვევა სრულად მათი პასუხისმგელობა იქნება, ეს წესით ოლიგარქი და მისი ხელისუფლებაა. თუ მე-3 პრეზიდენტს რამე დაემართა, ეს ცოდვა და პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის კისერზე იქნება, რადგან ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებას სწორედ ის აკონტროლებს. პასუხისმგებლობა, ბუნებრივია შედარებით მცირე დოზით, ექნება საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელსაც სააკაშვილის გათავისუფლების ბერკეტი აქვს და ნავალნის არცთუ მოულოდნელი მკვლელობის ფონზე, სრულიად ბუნებრივია გაზრდილი მოლოდინი, რომ საქართველოსთვის მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მისი წინამორბედის ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას დროულად შეუწყოს ხელი.

მიუნხენში, ნავალნისა და სააკაშვილის გვარების ერთიან კონტექსტში ხსენებისას, საფრთხის კონტექსტში, ზურაბიშვილმა პარალელი არ მიიღო. მართალია.. საბედნიეროდ, საქართველო ჯერ კიდევ არ არის რუსეთი, ივანიშვილი კი პუტინი -,,პითეკანთროპი ატომური ღილაკით,” რომელიც მსოფლიოს განადგურების შანტაჟით ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ამიტომ, მას, ანუ ივანიშვილს, ასეთ შემთხვევაში, ვერც დასავლეთისგან და რაც მთავარია, ვერც ქართული საზოგადოებისგან ვერავინ დაიცავს. დღეს, თავის დაბადების დღეზე, ამაზე უნდა დაფიქრდეს ივანიშვილი - შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რაც მას არც სურდეს და რაც მთავარია - არც არავინ დაეკითხოს.. მითუმეტეს, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზებზე რუსეთის სახელმწიფო მედიით გავრცელებული ვერსიით - თრომბის მოწყვეტა, რომელიც მოწამვლის, შიმშილობის და წამების შედეგად გამოწვეული მთელი რიგი დაავადებებისგან შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს და ლეტალური შედეგი დადგეს - პუტინის ქართველი სამიზნის საპატიმრო ავადმყოფობის ისტორიაშიც მრავლადაა წარმოდგენილი. პუტინი მკვლელია და დროა მის განზრახვებს სისასტიკის სრული მასშტაბის აღქმით შევხედოთ და ვიმოქმედოთ, ვიდრე პოლიტიკური თრომბი მოწყდება.


close დახურვა