logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პუტინის არასაოჯახო პორტრეტი და საქართველო

11 თებ 202419:03
3 წუთის საკითხავი
 

როცა საქართველოს რუსულ თარგზე მორგების უმძიმეს დინამიკაზე ვსაუბრობთ, ბევრისგან, მათ შორის ჩემი ახლობლებისგანაც, მომისმენია ეჭვნარევი რეპლიკა: ხომ არ ვაზვიადებთ?

ალბათ, უფრო იმიტომ რომ კრიტიკული მედია, მიუხედავად უმძიმესი ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემებისა, სატელევიზიო ეთერში მაინც ისეთ განწყობასა და გარემოს ვქმნით, თითქოს ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ღია დისკუსიის სივრცეა, სადაც ბევრი განსხვავებული ხმა ისმის, რაც, ბუნებრივია, პრინციპულად განგვასხვავებს პუტინისა ან ლუკაშენკოს რეჟიმებისგან. ამიტომ, საჭიროა, შიგადაშიგ, საკუთარ თავსაც და სხვებსაც შევახსენოთ, რომ მიმდინარეობს არა მარტო ქართული პოლიტიკური სისტემის, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი ქსოვილის მიზანმიმართული რუსეთიზაციის უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესი. შესაძლოა, მარტის პროტესტმა ეს დინამიკა ნაწილობრივ შეაფერხა, მაგრამ არ გაუჩერებია. ამის მაგალითია თუნდაც გასულ კვირას, ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც, მათ შორის, ოპოზიციის კვოტით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას აუქმებს, რაც მომავალი არჩევნების სანდოობას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც საგრძნობლად დააქვეითებს.

არც მმართველი ძალის წარმომადგენლები და არც თავად ცესკოს თავმჯდომარე არ მალავს რომ ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან არჩევნების შედეგებზე შესაძლო ნეგატიური კომენტარის პრევენციას ისახავს მიზნად. ანუ, ეს არის ქართული ოცნების მცდელობა გაანეიტრალოს საფრთხე, რამაც არჩევნების შედეგების კრიტიკულ შეფასებას შესაძლოა, მაღალი ლეგიტიმურობა შესძინოს. ამ მიმართულებით, მათთვის უკვე არაერთი პრობლემა არსებობს, რომელსაც ვერაფერს უხერხებენ. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნების შედეგებს ხელი უნდა მოაწეროს და საერთაშორისო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები, რომელთა ანგარიშებმაც დიდწილად უნდა გასაზღვროს არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხი. თუმცა, რაზეც ხელი მიუწვდებათ, ამ შემთხვევაში ,ცესკოდან კრიტიკული აზრის განდევნას და თავმჯდომარის არჩევაში ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ნიველირებას, აკეთებენ ნებისმიერ ფასად, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. მერე რა რომ მკაფიო გაფრთხილება მიიღეს - ასე მოქცევა ევროკავშირის წევრობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთის უპირობო საბოტაჟია, საბოლოო მიზანი მარტივია: საფრთხე არ შეექმნას მათ მთავარ პოლიტიკური ინტერესს - შეინარჩუნონ ავტორიტარული მმართველობის მოდელი და ვერავინ მოახერხოს ხელისუფლების მშვიდობიანი, საარჩევნო გზით ცვლილება საქართველოში.

და რა კავშირშია ეს რუსეთიზაციასთან? ახლა გაჩვენებთ ვიდეოს, სადაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ლამის ერთადერთ ოპოზიციონერ კანდიდატს, ოპოზიციონერს, უფრო იმის გამო, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების წინააღმდეგია, თორემ სულაც არ არის გამორიცხული კრემლის რომელიმე დაჯგუფების გავლენის ქვეშ იყოს, რუსეთის ცესკომ რეგისტრაციაზე საბოლოოდ უთხრა უარი. ისიც კი არ დაუშვა პუტინმა, რომ მას ამ არჩევნებში სიმბოლური მოწინააღმდეგე ჰყოლოდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ სიმბოლურ მოწინააღმდეგესაც კი, შიშისა და რეპრესიების გარემოში ასი ათასობით რუსეთის მოქალაქე საათების განმავლობაში გაყინულ ქუჩებში ედგა სარეგისტრაციო განაცხადის ხელმოსაწერად და მხარდაჭერის გამოსახატად. და სწორედ ეს ადამიანი, ბორის ნადეჟდინი, თითქოს პარადოქსულ, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტზე საუბრობს:  

"სრული იდიოტობაა მაგრამ, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც  კანდიდატს სააგიტაციო პროდუქციაში სხვა ადამიანების გამოსახულების გამოყენება არ შეუძლია, საკუთარი შვილებისაც კი, წარმოგიდგენიათ? არ შეიძლება. მაგალითად, მე მყავს დიდი ოჯახი, რა კარგი ფოტო გამოვიდოდა, არა? ჩემი შვილები,  მშობლები, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ან კიდევ შვილიშვილები, და ა.შ. კარგი სურათია, არა? ნადეჟდინი, ცოლი, რაღა თქმა უნდა, და ყველა ერთად... მაგრამ არ შეიძლება. არ შეიძლება, სხვა ადამიანის გამოსახულების გამოყენება. ეს ხომ სრული სისულელეა,  შიზოფრენია. მთელს მსოფლიოში ყველა კანდიდი  ფოტოზე ყოველთვის გამოსახულია ოჯახთან ერთად, რაც გასაგებია და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ ადამიანს კარგი ოჯახი ჰყავს, უყვარს ცოლი, შვილები, რა არის აქ სასირცხვილო?  მაგრამ ჩვენთან ასე არ შეიძლება. ეს ხომ სრული სისულელეა. მაგალითად, მე რომ გამოვუშვა პლაკატი, სადაც ვიქნები მე გამოსახული და გვერდით კიდევ ვიღაც, მნიშვნელობა არ აქვს ვინ, მომხსნიან არჩევნებიდან. დაუჯერებელია..."

ხომ თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ასეთია დღეს რუსეთი. ქართველებო, ხომ არ გჯერათ, რომ საქართველოში მსგავსი რამ შეძლება მოხდეს, მაგრამ - მოხდება. ისიც არავის სჯეროდა, რომ ღიად რუსულ კანონს მიიღებდნენ და ცარიელი ფურცლებით ქუჩაში მდგომ მანიფესტანტებს დაიჭერდნენ, მაგრამ დაიჭირეს. და ეს ყველაფერი ხდება და მოხდება "კანონიერად". რუსეთი არის ქვეყანა, სადაც კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ავტორიტარიზმია, საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც დრაკონული და არადემოკრატიული სამართლებრივი ცვლილებები ყოველდღე მიიღება და მერე იმ "სამართლებრივი ჩარჩოთი" "კანონიერად" მყარდება ავტორიტარიზმი. 

პრეზიდენტობის კანდიდატი ოჯახურ გარემოში - ანუ ის, რაც დასავლური დემოკრატიის ნებისმიერი საარჩევნო კამპანიისთვის წამყვანი ხაზი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ემოციური თუ ღირებულებითი კომპონენტია, რუსულ სივრცეში კანონმდებლობითაა აკრძალული. ისმის კითხვა, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს საღი აზრისთვის ასეთი მიუღებელი საკანონმდებლო შეზღუდვა, თუნდაც რუსეთში? თუმცა, თუ ოდნავ გონებას დავძაბავთ, მივხვდებით და გავიხსენებთ რომ ამ ქვეყანას, აგერ უკვე მერამდენე ათწლეულია, შიზოფრენიით შეპყრობილი კაგებეშნიკი მართავს. პუტინს, რომელიც კონსერვატიზმის მსოფლიო ლიდერის და ოჯახური ღირებულებების დამცველი ბიბილიური მესიის როლს ირგებს, ტრადიციული ოჯახი  არ ჰყავს და საერთოდ - ოჯახური ღირებულებების მიმართ  აბსოლუტურად გულგრილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მას ყოფილ ცოლთან ფორმალური ერთობაც კი აღარ აკავშირებს. შვილებს რაც შეეხება, სად არიან, ან რამდენი, ამაზე ბუნდოვანი წარმოდგენები არსებობს. შესაბამისად, ეს კანონი სწორედ იმისთვისაა, რომ რადგან დიქტატორი თავად, ოჯახთან ერთად ვერ წარდგება საარჩევნო კამპანიისას სარეკლამო ბანერსა თუ სატელევიზიო რგოლში, ამის შესაძლებლობა არც პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ. 

ახლა  საქართველოს დავუბრუნდეთ: ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციის გარეშე არჩევა და ოპოზიციისთვის განკუთვნილი მოადგილის კვოტის გაუქმება ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია იმ გეგმისა, რომელსაც ივანიშვილი ოცნების ხელისუფლების  ძველი თუ ახალი პრემიერების საშუალებით ახორციელებს და რომელიც ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მიზანმიმართულ და გეგმაზომიერ რუსიფიკაციას ითვალისწინებს. ამ პროცესის ერთ-ერთი ჩამაბეტონებელი ეტაპი კი შესაძლოა, სწორედ 2024 წლის არჩევნები გახდეს. ამიტომ, თუ არ გვინდა, რომ ის კონკრეტული მაგალითი, რის გამოც დღეს რუსეთს დავცინით, ხვალ უკვე ჩვენს სინამდვილეში, კანონმდებლობის დონეზე ვიხილოთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რაც დღეს გაჩვენეთ და გამოვფხიზლდეთ! არაფერს ვაზვიადებთ! კანონმდებლობის დონეზეც თანმიმდევრულად ვრუსდებით.

 

 


close დახურვა