არანაირი რუსული ჩარევა საქართველოს არჩევნებში არ მომხდარა..
"ჩარევა", ამ სიტყვის მკაფიოდ გამოხატული ნეგატიური და იძულებითი კონოტაციით იმას ნიშნავს, რომ გარედან ჩარევა და მოქმედების იძულება ხდება იქ, სადაც ამას არ იღებენ და წინააღმდეგობას უწევენ.
რუსეთი აქ - არჩევნებში არ ჩარეულა.
რუსეთი უკვე აქაა, ქართული ოცნების მთავრობის, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და შტოს და მისი სპეცსამსახურების სახით. გამონაკლისია პრეზიდენტი, რომელიც სამწუხაროდ წესზე არ მეტყველებს...
სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც 2024 წლის არჩევნები დაერქვა, არსებული მტკიცებულებების, მათი მასშტაბურობის და ყოვლისმომცველობის გათვალისწინებით განხორციელდა უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის აქტიური ჩართულობით, იშვიათ შემთხვევაში პასიური ჩაურთველობით, რაც მიტაცებული სახელმწიფოს ფარგლებში, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, უზურპატორის მიერ მთელი სახელმწიფო აპარატის ექსპლუატაციას ნიშნავს.
პირველი და ერთადერთი ამ სახელმწიფო მმართველობითი სისტემიდან, ვინც თავის სინდისსა და მოვალეობაზე უარი არ თქვა პრეზიდენტია.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მმართველობითმა სისტემამ, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების გზით, ძალაუფლების მიტაცება ცადა.
ეს ზმნა - "ცადა" - შეგნებულად არ ჩამოვაყალიბე წარსულ, ანუ დასრულებულ დროში, ანუ არ მითქვამს - მიიტაცა.
შედეგს არ აღიარებს დემოკრატიული მსოფლიო და ბარიერგადალახული ყველა პოლიტიკური პარტია და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა.
ლეგიტიმაციის საკითხია ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აქ მყოფი რუსული მმართველობითი სისტემის "დაკანონებას" - დასრულებულ მოცემულობად ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
ყველამ, ვინც არამარტო გაყალბებაში, მოქალაქეების ნების მოსყიდვაში, წართმევაში, იძულებით გადაცემასა თუ გაქირავებაში მიიღეთ მონაწილეობა, მათაც რომელთაც ამ მანიპულაციების გარეშე გააფერადეთ 41, ხელი მოაწერეთ ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანას, რომლის შედეგებსაც ყველანი მძიმედ მოვიმკით.
საერთოდ, არჩევნები კრიზისების განმუხტვის მექანიზმია. ხალხის დაშინებასა და დეზორიენტირებაზე მომართული დივერსანტული საინფორმაციო-პროპაგანდისტული ოპერაციის შედეგების გათვალისწინებითაც კი - ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით ქვეყანამ მიიღო ფაქტობრივად თანაბარი მხარდაჭერის მქონე, დაბალანსებული პოლიტიკური ძალებისაგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია. ეს შედეგი მაინც რომ ასახულიყო ოფიციალურ ვერსიაში, დაფიქრდით - არჩევნებიდან ერთ კვირაში სად ვიქნებოდით.
ევროკავშირი გაგვიხსნიდა გაწევრების მოლაპარაკებებს, ევროკავშირისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მაკრონი და ფონ დერ ლაიენი დაპირებისამებრ თბილისში ჩამოფრინდებოდნენ, მომენტალურად გაგვიჩნდებოდა წვდომა მოლაპარაკების ეტაპზე გადასული ქვეყნების დახმარებისა და ხელშეწყობის უზარმაზარ ევროპულ ფონდებზე, აშშ იძულებული იქნებოდა მოლოცვების შემდეგ უვიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დანაპირების შესრულებაზე ეზრუნა.
ქვეყანაში დაიწყებოდა ევროპული მოდელის კოალიციური თანამშრომლობის ერა. პარტიები თან ითანამშრომლებდნენ, თან კონკურენციაში იქნებოდნენ, ერთმანეთის მოქმედებას გააკონტროლებდნენ. სახელმწიფო ინსტიტუტზე რომელიმე პარტიის დომინაცია შეუძლებელი იქნებოდა. ინსტიტუტები საკუთარი ფუნქციის, ანუ კონსტიტუციისა და ხალხის სამსახურში ყოფნას შეუდგებოდნენ. აღდგებოდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან შეჩერებული პროგრამები, შიშით აღარ შევხედავდით ტაბლოზე გამოსახული ეროვნული ვალუტის კურსს.
საქართველო კვლავ გახდებოდა რეგიონის წინსვლის ლოკომოტივი, სომხეთი და აზერბაიჯანი მეზობლური ზრდილობის გამო კი არ გამოგვიგზავნიდნენ მოლოცვას - მადლიერები დარჩებოდნენ: სომხეთისთვის საქართველოს ევროკავშირის წევრობა მისი ევროპული პერსპექტივის ერთადერთი შანსია და არც ალიევს აწყობს თბილისში რუსული მარიონეტული მთავრობა, რომელიც ბაქოს სტრატეგიას -ენერგორესურსებით დასავლეთთან პოლიტიკურ ლავირება განაგრძოს, მოსკოვზე დამოკიდებული თბილისის გამო მკვეთრად შეზღუდავს.
მთელი ქართული ემიგრაცია იმედებით აივსებოდა, გაიზრდებოდა ენთუზიაზმი ხვალვე დაბრუნების თუ არა - საკუთარი ქვეყნის გაძლიერებასა და წინსვლაში წვლილის შესატანად...
და კიდევ რამდენი დადებითი შედეგის ჩამოთვლა შეიძლება...
ივანიშვილის ძალაუფლების ბულიმიისა და ხმების მასშტაბური ქურდობის თანამონაწილეობის დანაშაულებრივი და სამარცხვინო ოპერაციის შედეგად ახლა გვაქვს კიდევ უფრო გაღრმავებული და გამწვავებული კრიზისი, სტრატეგიული პარტნიორების არაღიარება, შეჩერებული ევროპერსპექტივა, ერთიანი საქართველოს დეკლარირებული მტერი სახელმწიფოების ქება-მოლოცვა-შეგულიანება, სრული დესტაბილიზაციის ზღვარზე მყოფი ფინანსური და ეკონომიკური სისტემა, დაცლილი სავალუტო რეზერვით და მოსალოდნელი და გარდაუვალი სანქციებით, მორღვეული კონსტიტუციური წესრიგი, არალეგიტიმური და მსოფლიოს დასაცინად ქცეული ძალაუფლების მიმთვისებლებით და ყველაზე მეტად გაბრაზებული ახალგაზრდობა, რომელსაც ბელორუსის, ვენესუელას, ან რუსეთის პერსპექტივაში ცხოვრება საერთოდ არ ხიბლავს კი არა - ვერ წარმოუდგენია და ამავე დროს არჩევნებით დემოკრატიული ცვლილებების აღარ წამს...
სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და ამაში ერთადერთი დამნაშავე, დიახ დამნაშავე და არამარტო ზოგადად პასუხისმგებელი ივანიშვილი და ოცნების ძალადობრივი რეჟიმია.
საარჩევნო ოპტიმიზმის ჩასახვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სხვაგვარად ივანიშვილის გაყალბების მასშტაბები ასეთი შთამბეჭდავი და შესამჩნევი არ გახდებოდა, არც საერთაშორისო ლეგიტიმაციის პრობლემა გაჩნდებოდა - იტყოდნენ ისე როგორც 2020 წელს თქვეს: ,,არჩევნებმა ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაიარაო.“ ამის მერე შემოგვითვლიდნენ - რა ვუყოთ, თუ ქართველი ხალხის ნება ასეთია - თქვენ თავად ამბობთ უარს ევროკავშირის წევრობასა და დასავლურ ცივილიზაციაზე - ჩვენ ძალას ვერ დაგატანთო.
ახლა ყველამ გაიგო, რომ რუსული მთავრობის მმართველობის, საინფორმაციო-პროპაგანდისტული შტურმის, დაშინების, მოსყიდვის და ძალადობის მიუხედავად ქართველი ხალხის, უფრო სწორედ მოქალაქე-ამომრჩევლის ნახევარზე მეტი რუსულ კოლონიად ჩამოყალიბებას და ყველა გაგებით ქართველობის დაკარგვას არ ეგუება და არ შეეგუება.
ბრძოლის შედეგს სტრატეგიის სამი ხაზის ერთობლიობა განაპირობებს. ის რაც უკვე მკაფიოდ ითქვა პრეზიდენტის და პოლიტიკური პარტიების მხრიდან: საერთაშორისო დელეგიტიმაცია, შიდა, ანუ ბარიერგადალახული პარტიების მიერ გაყალბებული შედეგის არ აღიარება, პარლამენტის ლეგიტიმურობაზე უარის თქმა და სახალხო პროტესტი.
ეს არის სტრატეგიაც და გენერალური გეგმაც. მისი შესრულების მექანიზმი ბევრი დეტალისგან შედგება, თუმცა არის ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც იმ 2 მიზნის და მთლიანობაში სტრატეგიის წარმატებას გარდაუვალს ხდის - ხალხის შეუგუებლობა, პრინციპულობა და პროტესტის უწყვეტობა. ეს ფაქტორია, რაც დასავლელი პარტნიორების შეცვლილ დამოკიდებულებას და მკაცრ პოზიციას შეუქცევადს ხდის და ხალხის ერთიანობის ფაქტორია, რაც მათ მიერ არჩეული პარტიების ხელმძღვანელობას მანევრირების სივრცეს უზღუდავს და აიძულებს თანმიმდევრულობა და პრინციპულობა შეინარჩუნოს.
ამდენად თუ ვინმე იკითხავს: - რა ძალა, რომელი ფაქტორი განსაზღვრავს პროტესტის წარმატებას, დაუფიქრებლად გეტყვით - თქვენ, საქართველოს მოქალაქეები. ისინი ვინც ხმების ქურდობას და შედეგის ფალსიფიკაციას არ ეგუებით და ჩვენი ქვეყნის რუსულ კოლონიად გაფორმებას არ დაუშვებთ.
საქართველომ არჩევნები მოიგო. ჩვენ უმრავლესობა ვართ. იმ უმცირესობაშიც ბევრი ძალადობის, მოტყუების და დაშინების მსხვერპლია.
უმრავლესობის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება, მათ შორის ვერც რუსული არალეგიტიმური მთავრობა.
ერთიანობის და თანადგომის დროა!
ამით ვაპირებდი ჩემი შესავლის დასრულებას, მაგრამ კალენდარმა შემახსენა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან- საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
ასეთი იდეა მაქვს: ეს დღე 3 ნოემბრის ნაცვლად 21 მარტს აღინიშნოს, სულხან-საბას სულის შეწუხებას, სჯობს თანამედროვე ქართული დიპლომატიის დღედ 21 მარტი გამოაცხადოთ და თქვენს მისალოც ბარათსა და ფეისბუქ პროფილებზეც ამ დღეს დაბადებული დიდი რუსი დიპლომატის სერგეი ლავროვის ფოტო გამოსახოთ. ასე უფრო ლოგიკურია და მართალიც იქნებით სულხან-საბას სულთან და ერთმანეთთანაც. სხვათა შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის დროსაც გვქონდა... რა თქმა უნდა, ფორმალურად... ჩვენ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ სამწუხაროდ საბჭოთა კავშირი და რუსული მონობის ბაცილა ჩვენგან არ გამოსულა.