logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სახელმწიფო იმუნიტეტის დაკარგვა

05 აპრ 202619:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/4cr9skuvft246h3.jpg

დღევანდელი საქართველოს ყველაზე მძიმე დიაგნოზი ის არის, რომ სახელმწიფომ გარე საფრთხეების მიმართ თითქმის მთლიანად დაკარგა პოლიტიკური იმუნიტეტი. არა იმიტომ, რომ საფრთხე ბუნდოვანია. პირიქით - საფრთხე ძალიან კარგად ჩანს. მაგრამ იმუნიტეტის დაკარგვა სწორედ ის მდგომარეობაა, როცა ხედავ, გესმის, გრძნობ, თუმცა საპასუხოდ ორგანიზმი აღარ მუშაობს. აღარ რეაგირებს. აღარ იბრძვის. აღარ იცავს თავს.

სწორედ ასეთ სურათს ვუყურებდით გასულ კვირას. ერთ მხარეს იყო ვაშინგტონიდან უმაღლესი დონის კონტაქტი - მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი კობახიძესთან, სადაც საუბარი შეეხო კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მეორე მხარეს კი, თითქმის პარალელურ რეჟიმში, თბილისისკენ მოდიოდა წნეხი მოსკოვიდან და თეირანიდან და როგორც დღეს გაირკვა ბაქოდანაც კი.

ირანის ელჩმა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ღია მუქარის შემცველი ტექსტი, რომლის დასკვნითი ნაწილიც იყო გაფრთხილება: - "ვინც გუშინ ტრამპთან ასოცირდებოდა, დღეს ამ არჩევანის ფასს იხდის." ამის შემდეგ კი თავადვე დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მისივე ინიციატივით დაუკავშირდა და საგარეო უწყებაში შეხვედრაც გამართა.

ნორმალური, ფუნქციონირებადი სახელმწიფო ასეთ დროს მინიმუმ ერთ რამეს აკეთებს: მოქალაქეებს უხსნის - რა ხდება. რას ნიშნავს ეს ტექსტი? იყო თუ არა ეს პირდაპირი გაფრთხილება? იყო თუ არა ეს შანტაჟი? რა იყო განხილული სამინისტროში? რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს? მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ? დუმილი. ისეთი დუმილი, თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს უცხო ქვეყნის ელჩი თბილისში არა საქართველოს სახელმწიფოს, არამედ სიცარიელეს ელაპარაკებოდა. და სწორედ აქ ჩანს ყველაზე საშიში რამ: პრობლემა მხოლოდ მუქარა კი არაა - პრობლემა არის უპასუხობა. სახელმწიფოს გაჩუმება. პოლიტიკური ინსტინქტის ატროფია.

იგივე სურათია ოკუპირებულ აფხაზეთშიც. იქ კრემლი უკვე აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ძველი სტატუს-კვოს შენარჩუნებით. მოსკოვი სოხუმში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს მართავს; კირიენკო რეგიონში უკვე მეშვიდედ ჩადის; ხსნის სოხუმის აეროპორტის ახალ ტერმინალს; უკითხავს პუტინის მიმართვას, სადაც პირდაპირაა ნათქვამი რომ რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა "კეთილმეზობლობას სცდება" და ინტეგრაციული კავშირები "ახალ დონეზე" აჰყავთ. თითქოს რაღა უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ოკუპაციის შენარჩუნების რიტორიკა. ეს არის კრემლისადმი ლოიალური ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ოკუპაციის დემონსტრაციული ნორმალიზების ენა.

როგორ მივედით აქამდე? როგორ აღმოვჩნდით მდგომარეობაში, როცა სირაქლემას პოზა ხელისუფლებას და მის მომხრეებს ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად ეჩვენებათ? პასუხი ზედაპირზეა და ეს არ არის ერთი კვირის შედეგი. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკური კურსის ნაყოფი. "ოცნებამ" ამას მრავალვექტორულობა დაარქვა. სინამდვილეში კი მისი სამიზნე დასავლური ვექტორის განულება, მისი მარგინალიზება, დასავლური უსაფრთხოების სისტემებიდან ქვეყნის გამოთიშვა და იმ ილუზიის გაყიდვაა, რომ თუ საკმარისად ფრთხილად, ჩუმად და დამთმობლურად მოიქცევი, მტერი საფრთხედ აღარ განგიხილავს და აღარ გიმტრობს. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში სუსტი და დაუცველი არავის ებრალება - მას იყენებენ. ძალაუფლების ენაზე - მორჩილება - პარტნიორობად არ იკითხება. ის აღიქმება როგორც მოწვევა ზეწოლისთვის.

ამ პოლიტიკამ ქვეყანა არა მხოლოდ დიპლომატიურად, არამედ ინსტიტუციურადაც დაასუსტა. უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი მოწყდა დასავლურ სისტემებს, გაუფასურდა პროფესიული კომპეტენცია, არ განახლდა შეიარაღება, არ მოხდა თანამედროვე ომების ტექნოლოგიური გაკვეთილების გააზრება, გაიზარდა მოწყვლადობა მტრული სპეცსამსახურების, ჰიბრიდული ზემოქმედების და პოლიტიკური შანტაჟის, ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების მიმართ. სახელმწიფო მოშალეს არა ერთი დარტყმით, არამედ მისი მედეგობისთვის აუცილებელი ინსტიტუტების როლის ყოველდღიური გაუფასურებით - ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან წლამდე.

ამიტომაცაა რომ დღეს რისკების შეფასებაც კი ჭირს. როცა ხელისუფლება პარალიზებულია, საფრთხის მასშტაბის განსაზღვრაც რთულდება. აღარ იცი, სად მთავრდება რეალური საშიშროება და სად იწყება, უკვე ქოცური მმართველობის საფირმო ნიშნად ქცეული კაპიტულანტური თვითდამშვიდება. აღარ იცი, სახელმწიფო რამეს მართლა ვერ პასუხობს, თუ უბრალოდ აღარ აქვს პასუხი. და ეს არის ყველაზე სახიფათო ფაზა - როცა მოქალაქე ხედავს საფრთხეს, მაგრამ ვეღარ ხედავს სახელმწიფოს.

დღევანდელი დაბნეულობა შემთხვევითი არ არის. ეს არის იმ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, რომელმაც მტერთან ლოიალობა - საღ აზრად, დუმილი - სტრატეგიად, უსუსურობა კი მშვიდობის პოლიტიკად გაასაღა. სინამდვილეში ეს არ იყო პაციფიზმი. ეს იყო კაპიტულანტური ადაპტაცია იმ გარემოსთან, სადაც ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები მხოლოდ ერთ რამეს ამოწმებენ - სადამდე შეიძლება წასვლა უპასუხოდ.

დღეს ჩვენ სწორედ ამ პასუხამდე ვართ მისულები: საბოლოოდ, ყველაზე საშიში არც ირანის ელჩის მუქარაა, არც კრემლის უტიფარი მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც საპატრიარქო არჩევნებში რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩარევა - ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო პასუხობს არა კვალიფიციური ძალით, არა სიცხადით, არა ეროვნული ღირსებით, არამედ სიჩუმით. ეს სიჩუმე კი აღარ არის სიფრთხილე - ეს არის იმუნიტეტდაკარგული სახელმწიფოს დაკარგული ხმა.

დღეს მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, ვინ გვემუქრება; მთავარი კითხვა ისაა, დარჩა თუ არა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ თავში პასუხის, წინააღმდეგობის და გადარჩენის ძალა.


close დახურვა